დღეს, პარტია "თავისუფალი დემოკრატები" შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ დატოვეს. შალვა შავგულიძის თქმით, პარტიაში არაჯანსაღი ვითარებაა. "თავისუფალ დემოკრატებში" დარჩენილმა ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კეკენაძემ კი, "დღის კურიერის" ეთერში მათი პარტიიდან რიგი პოლიტიკოსების წასვლის ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ შალვა შავგულიძემ რასაც არაჯანსაღი ვითარება უწოდა, ეს პარტიაში აზრთა გაცვლა-გამოცვლის ჯანსაღი პრაქტიკაა.
"მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რადგანაც მათ წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსების კინკლაობის მოსმენა უწევთ. გულდასაწყვეტია იმ ადამიანების მხრიდან პარტიის დატოვება, ვისთან ერთადაც ჩვენ შევთანხმდით, რომ ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური ქცევის სტანდარტი უნდა დაგვემკვიდრებინა. მაგრამ სამწუხაროდ, ბატონმა შალვა შავგულიძემ ეს დღის წესრიგი შემოგვთავაზა. რასაც მან არაჯანსაღი ვითარება უწოდა, ეს პარტიაში აზრთა გაცვლა-გამოცვლის საკითხია. მინდა აღვნიშნო, რომ რაც დღეს პარტია "თავისუფალ დემოკრატებში" "ევროპულ საქართველოს" არ ეხება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მათთანაც ვაპირებთ თანამშრომლობას,"- განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა თამარ კეკენაძემ.
"ევროპული საქართველოს" სახე, "ქართული ოცნების" საარჩევნო სახეების წარდგენის ღონისძიებას მხარდამჭერის სტატუსით ესწრებოდა, საუბარია დევი ტაბიძეზე, ამ საკითხზე თამარ კეკენაძემ განაცხადა, რომ დევი ტაბიძე ექიმია და ის ამ შეხვედრას პროფესიული ვალდებულებიდან გამომდინარე ესწრებოდა.
"ბატონი დევი ტაბიძე კორონავირუსის ბრძოლის წინა ხაზზე იყო, ამიტომ, ის ვალდებულია, როგორც ექიმი საქმიან შეხვედრებზე იაროს, მე არ ვთვლი რომ ეს პრობლემას წარმოადგენს. არიან ექიმები, რომლებსაც ამავდროულად პოლიტიკაში მოსვლა უნდათ, მაგრამ აქვთ შიშები რომ პოლიტიკური იარლიყები მიეწებებათ. მინდა ასევე თქვა,მ რომ ბატონი შალვას ბრალდება პირადად ჩემს პრორუსულობასა და პრობიძინისტობაზე უსაფუძვლოა და ეს ბრალდება ისმის ჩემი მისამართით, რომელსაც 2012 წელსაც არ მიუცია ხმა "ქართული ოცნებისთვის", - აღნიშნავს თამარ კეკენაძე.