"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი თავმჯდომარე შალვა შავგულიძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას უკვე მისი ყოფილი პარტიის გამგეობაში შექმნილ ვითარებაზე საჯაროდ ისაუბრა და იქ არსებულ გარემოს არაჯანსაღი უწოდა.
შალვა შავგულიძემ "თავისუფალი დემოკრატების" საგარეო მდივნის დევი ტაბიძეის მისამართით, მისი მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიაზეც გააკეთა განმარტება.
"დევი ტაბიძე "თავისუფალი დემოკრატების" სახეს არ წარმოადგენდა, მაგრამ ის ფორმალურად იყო გამგეობის წევრი და ასევე საგარეო მდივანი. სამწუხაროდ სახედ ქცევა მან ვერ შეძლო, ვინაიდან მთელი 4 წლის მანძილზე, რაც 2017 წლის თებერვლის ყრილობის შემდეგ ის არჩეული იქნა გამგეობის წევრად და საგარეო მდივნად მას არავითარი მონაწილეობა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში არ მიუღია. მკაფიოდ დასავლური ორიენტაციის პარტიის - თავისუფალი დემოკრატების, რომლის წესდებით განსაზღვრულ მთავარ მიზანთა შორის უპირველესად დასახელებულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როდესაც ასეთი ოპოზიციური პარტიის გამგეობის წევრი და იმავდროულად საგარეო მდივანი ესწრება, ერთის მხრივ სახელისუფლებო პარტიის და მეორეს მხრივ, პრორუსულად მთელი დასავლური სამყაროს მიერ და ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ პრორუსულად აღიარებული სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარების წარდგენას და ტაშს უკრავს 30 მაჟორიტარის დასახელებას, რა თქმა უნდა, ეს არის ურთიერთ შეუთავსებელი გარემოებები. ეს ერთ-ერთი მაგალითია უბრალოდ. ამის შესახებაც როდესაც შევეკითხეთ თავად დევი ტაბიძეს და გამგეობის 4 წევრიან უმრავლესობას, რომელთანაც აბსოლუტურად განსხვავებულ პოზიციებზე აღმოვჩნდით, მათი თქმით, ეს არ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. ახლა ასეთი დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ არაფერი აქვს საერთო რეალურ პოლიტიკასთან. ეს განხეთქილება გამგეობაში სწორედ ამან განაპირობა.
როდესაც პარტიის უმაღლესი მმართველი რგოლი, სამდივნოს და გამგეობის წარმომადგენლები პოზიციასაც კი არ აფიქსირებ ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ამ ოთხი წლის მანძილზე გაიარა საქართველომ ერთხელაც კი საჯარო პოზიცია არ გამოგიხატავს, მათ შორის ისეთ მოვლენასთან დაკავშირებითაც კი, როგორიც 20 ივნისის მოვლენები იყო, ერთხელაც არ მიხვალ ამ აქციაზე, რა თქმა უნდა ეს ნიშნავს, რომ შენ პოლიტიკაში არ ხარ. სამწუხაროდ, ჩვენ გამგეობაში აღმოჩდა ასეთი 4 წევრიანი უმრავლესობა, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში უბრალოდ პოლიტიკაში არ იყო," - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შავგულიძე იმედოვნებს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელები არ აღმოჩნდებიან მმართველი გუნდის ორბიტაზე
"ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შიში არ გამართლდება და თავისუფალ დემოკრატებში დღეს დარჩენილი ადამიანები არ აღმოჩნდებიან პრორუსული "ქართული ოცნების" ორბიტაზე, ისევე როგორც მანამდე ჩვენი პარტიიდან წასული წევრები აღმოჩდნენ და დღესაც იქ არიან," - განაცხადა შავგულიძემ.
შეგახსენებთ, შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ დღეს პარტია "თავისუფალ დემოკრატები " დატოვეს. გადაწყვეტილების შესახებ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა შავგულიძის თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ გამოიწვია.