რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პოლიტიკურ გზავნილებს თბილისში შეფასებები უკვე მოჰყვა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რუსი პოლიტიკოსის განცხადებები მინიშნებაა, რომ საქართველომ უნდა აღიაროს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ოპოზიციის წევრების თქმით, მმართველი პარტია სწორედ რუსულ ინტერესებს ატარებს საქართველოში.
"რეალურად გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და მოვაწეროთ ხელი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობების დამყარება რუსეთთან ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას უნდა ვცეთ პატივი. შესაბამისად, ნათელია, როდესაც ამას ამბობს ლავროვი რეალურად გულისხმობს იმას, რომ ვაღიაროთ ცხინვალი და აფხაზეთი და მერე მოვაწეროთ ხელი იმ ურთიერთობების აღდგენას," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.
"საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავს პრორუსული, ოლიგარქიული მმართველობა და ეს არაერთ რეზოლუციაში დაფიქსირდა. იმავდროულად, საზოგადოების შიგნით ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ "ქართული ოცნება" დღეს წარმოადგენს საქართველოში რუსულ ინტერესს. ამიტომ ლავროვის ეს განცხადება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ დღევანდელი "ქართული ოცნების" ხელისუფლება და რუსეთის პუტინის ხელისუფლება სწორედ მჭიდრო კავშირში არიან და ერთმანეთის ინტერესებს აბალანსებენ ქვეყანაში," - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
საქართველო-რუსეთს შორის შეწყვეტილი პირდაპირი ფრენებიდან 13 თვის შემდეგაც, რუსეთის ოფიციალური პირები იმედოვნებენ მოიხსნას შეზღუდვა, რომელიც 2019 წლის ივლისში თავად დააწესეს. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გამარტივების სურვილს ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფიქსირებს. სერგეი ლავროვი გაზეთ "ტრუდთან" ინტერვიუში საუბრობს პოლიტიკური დიალოგის კარასინი-აბაშიძის ფორმატის აღდგენაზეც, რომლის წინაპირობაც რუსი დიპლომატის თქმით, გაუმჯობესებული ეპიდვითარება უნდა გახდეს.
ახალ გზავნილში კრემლი ხაზს უსვამს "ქართული ოცნების" ინიცირებულ კურსს 2012 წელს, რომ გადაიდგას ნაბიჯი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. თუმცა ამ ფონზე საქართველოს, როგორც პარტნიორს კრემლი მიზნებს უწუნებს.