რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის აღდგენაზე წინადადება თუ შემოვა, ამას განვიხილავთ არამხოლოდ ტურიზმის განვითარების კუთხით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებითაც - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ.
როგორც ნათია თურნავა აცხადებს, რუსული ავიაკომპანიებისგან რაიმე ოფიციალური წინადადება საქართველოს ამ დრომდე არ მიუღია.
"დღემდე ჩვენთან რაიმე ოფიციალური წინადადება, ან განაცხადი რუსული ავიაკომპანიებისგან დღემდე არ შემოსულა. ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუ რაიმე ოფიციალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული რუსეთის მხარის მიერ ამ შეზღუდვის გადახედვაზე. დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ როდესაც რუსეთმა ავიამიმოსვლა შეწყვიტა, ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდით, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე მიზანშეწონილობა არ ახლდა არც მაშინ და არც არასოდეს.
თუკი მსგავსი წინადადება შემოვა, ჩვენ ამას განვიხილავთ არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების კუთხით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებითაც," - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველო-რუსეთს შორის შეწყვეტილი პირდაპირი ფრენებიდან 13 თვის შემდეგაც, რუსეთის ოფიციალური პირები იმედოვნებენ მოიხსნას შეზღუდვა, რომელიც 2019 წლის ივლისში თავად დააწესეს. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გამარტივების სურვილს ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფიქსირებს. სერგეი ლავროვი გაზეთ "ტრუდთან" ინტერვიუში საუბრობს პოლიტიკური დიალოგის კარასინი-აბაშიძის ფორმატის აღდგენაზეც, რომლის წინაპირობაც რუსი დიპლომატის თქმით, გაუმჯობესებული ეპიდვითარება უნდა გახდეს.
ახალ გზავნილში კრემლი ხაზს უსვამს "ქართული ოცნების" ინიცირებულ კურსს 2012 წელს, რომ გადაიდგას ნაბიჯი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. თუმცა ამ ფონზე საქართველოს, როგორც პარტნიორს კრემლი მიზნებს უწუნებს.