17 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის აუცილებელია, თუმცა სიღარიბის დასაძლევად საკმარისი არ არის - ოპოზიცია UNICEF-ის კვლევაზე

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის აუცილებელია, თუმცა ამასთან აღნიშნავენ, რომ ეს დახმარებები სიღარიბის დასაძლევად საკმარისი არ არის. ოპოზიციაში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევა შეაფასეს, სადაც ნათქვამია, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება კარგი მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობამ 5 მილიარდიანი სესხი მიზნობრივად წინასაარჩევნოდ გამოიყენა. 

"დახმარება, რა თქმა უნდა, აუცილებელია განსაკუთრებით მათთვის, ვის ოჯახშიც ბავშვებია. მთავრობამ 5 მილიარდი ლარი აიღო სესხად ამ თანხას პირდაპირ მიზნობრივად წინასაარჩევნოდ ხარჯავენ. ეს დახმარება თვეების განმავლობაში რომ ყოფილიყო გაწერილი და მართლაც მიზნობრივად რომ დახარჯულიყო ეს თანხმა, ბუნებრივია ამას მეტი შედეგიც ექნებოდა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე. 

"ნათელია, რომ სიღარიბე გაიზრდება როგორც ბავშვებში ასევე მთლიანად მოსახლეობაში, თუმცა გააჩნია რამდენად ღრმად წავა ეს სიღარიბე. ეს კი დამოკიდებულია იმაზე რამდენად სწრაფად ამოქმედდება ეკონომიკა. თუ ასე არ მოხდა, მხოლოდ პატარა დახმარებებით ვერ დავიცავთ ოჯახებს შიმშილისაგან," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

გაეროს ბავშვთა ფონდმა(UNICEF) საქართველოში სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის შედეგების პრეზენტაციაც საქართველოს მთავრობისა და UNICEF-ის წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივად გამართეს.

კვლევაში ნათქვამია, რომ 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად.

დღის ამბები