ე.წ. მუქარის წერილზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა - მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ექსპერტიზის ეს დასკვნა გაასაჯაროვა, თემა კვლავ პოლიტიკური ბრალდებების მიზეზად იქცა. ოპოზიციის განცხადებით, ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროკურატურა მმართველი გუნდის ხელში აღმოჩენილი პოლიტიკური იარაღია და კონკრეტულად ხაზარაძე-ჯაფარიძისათვის გაგზავნილი წერილის საქმეში მიღებული ექსპერტიზის დასკვნა, ხელისუფლების ოპონენტები გახარიას გამართლების უბადრუკ მცდელობად აფასებენ.
"ეს გახარიას გამართლების უბადრუკი მცდელობა და წინასაარჩევნო სპექტაკლია. ვინ უნდა დაიჯეროს ეს, 20-მდე ანაბეჭდი ხომ იყო, ერთი მაინც დაასახელონ ვისი იყო, იქნებ თანაშემწის იყოს ან შუამავლის. მხოლოდ თითის ანაბეჭდებით არ ხდება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დამტკიცება. ამ წერილის შემდეგ სხვადასხვა პროცესები წარიმართა, მაგალითად, პოლიტიკური დევნა, TBC ბანკიდან გაძევება, ანაკლიის პროექტის ჩაძირვა და ა.შ. პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთია ეს წერილი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ დღეს პროკურატურისადმი საზოგადოების ნდობა ნულოვანია რომლისაც არავის სჯერა.
"პროკურატურაც, პოლიციაც, სუს-იც, ეს არის პოლიტიკური იარაღი ივანიშვილის ხელში, სწორედ ამით ინარჩუნებს ის დღემდე ხელისუფლებას. მაგრამ, ოქტომბერში ეს ვითარება დასრულდება. ცხადია, რომ პროკურატურას ნდობა ნულოვანი აქვს. მოლოდინი იყო სწორედ ის, რომ ისინი არაფერს გამოიძიებდნენ. ისინი მხოლოდ ოპონენტების საწინააღმდეგო საქმეებს იძიებენ, ან აცხობენ საქმეებს, რომლისაც არავის სჯერა ჩვენს ქვეყანაში,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი.
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.