17 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
დაუყენებს თუ არა ისნის მაჟორიტარულ ოლქში "ნაციონალური მოძრაობა" გიორგი ვაშაძეს კონკურენტს - საკითხზე პარტიაში კონსულტაციები ხვალ განახლდება

სავარაუდოდ, ხვალ გაირკვევა, დაუყენებს თუ არა ისნის მაჟორიტარულ ოლქში, "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეს კონკურენტს "ნაციონალური მოძრაობა".

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა ოპოზიციის ერთობა დაარღვია, ამიტომ საერთო კანდიდატზე შეთანხმება ძალას კარგავს.

"კურიერის" ინფორმაციით,მიხეილ სააკაშვილი პარტიას ურჩევს, ისანში კანდიდატად ხატია დეკანოიძე დააყენონ. კონსულტაციები ცენტრალურ ოფისში ამ საკითხზე ხვალ განახლდება.

ხატია დეკანოიძის გარდა კიდევ 2 სახელი და გვარი - სალომე სამადაშვილი და ზაალ უდუმაშვილი სახელდება. 

"ჯერჯერობით ისანთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია ოფიციალურად გაცხადებული არ არის. იხილება სხვადასხვა ვარიანტები. თუ პარტია გადაწყვეტს, ისნის ოლქში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინოს, არიან ლიდერები, რომლებიც თავისუფლად, ღირსეულად წარმოადგენენ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს შესაბამის საარჩევნო ოლქებში, შეიძლება ეს იყოს ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, სხვა ბევრი ლიდერები, რომლებიც დღეს არ არიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილები, მაგრამ შესაძლოა უახლოეს პერიოდში ისინი ვიხილოთ, სხვადასხვა საარჩევნო ოლქში," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება თავად გიორგი ვაშაძეს, მისი თქმით, კონკურენტების არ ეშინია, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ამგვარ პოზიციას მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს ოპოზიციაზე ცუდად აისახება.

"მე ვარ სიტყვის კაცი, ცხოვრებაში არასდროს ჩემი სიტყვა არ გამიტეხავს და იგივეს მოლოდინი მაქვს სხვისგან, იმიტომ რომ პოლიტიკაში ყოფნა უნდა ნიშნავდეს სწორედ ერთგულებას შენი ნებისმიერი შეთანხმების, რომელსაც შენ დებ სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან, აქედან გამომდინარე ძალიან ცუდი იქნება თუ ამ პირობას დაარღვევს "ნაციონალური მოძრაობა", პირველ რიგში მათთვის, იმიტომ რომ სიტყვის დამრღვევის სახელი, ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს.

მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა ეყოთ კეთილგონიერება, რომ მთავარ სამიზნედ ავირჩიოთ ყველამ ერთად დამსხვრეული ოცნებების პარტია და ივანიშვილი და არა  ოპოზიციური ლიდერები, რომელთა რეიტინგი, თუნდაც, ძალიან სწრაფად იზრდება," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები