17 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" მოსაზრებაა, რომ შეთანხმებები არ უნდა გადაიხედოს - სერგი კაპანაძე ენმ-ს მიერ ისანში კანიდიდატის შესაძლო დაყენებაზე

ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმება ისანში ძალას კარგავს."ნაციონალური მოძრაობა" "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ ოლქში დათმობაზე წასვლას არ აპირებს და საკუთარი მაჟორიტარის დასახელებას აპირებს.

ოპოზიციური პარტიის ნაწილი ჯერჯერობით თავს იკავებს ხისტი განცხადებების გაკეთებისგან და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდებიან.

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძის თქმით, შეცდომა იქნება თუკი ოპოზიციური ერთობა დაირღვევა.

"თუ ამ შეთანხმების გადახედვა მოხდება, ეს იქნება ძალიან მძიმე შეცდომა. ეს იქნება შეცდომა, რომელსაც ამომრჩეველი, დარწმუნებული ვარ, პასუხს გასცემს. მე არ ვისურვებდი, რომ ეს შეცდომა დამდგარიყო. "ევროპული საქართველოს" მოსაზრება არის, რომ არსებული შეთანხმებები არ უნდა გადაიხედოს. პირიქით, იმისკენ უნდა ვისწრაფოთ ჩვენ ყველამ, რომ კიდევ თუ სადმე არის შესაძლებელი, რომ შევთანხმდეთ საერთო კანდიდატებზე, ამაზე ვიმუშაოთ და არა უკვე არსებული შეთანხმებები გადავხედოთ," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ. 

"როდესაც შეთანხმება შედგა, თუ ვის რამდენი კანდიდატი ეყოლებოდა, მაშინ ბატონი გიორგი იყო ერთი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის ბლოკის "ძალა ერთობაშიას" წევრი და ამ ბლოკით მოხდა მისი წარდგენა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად. მას შემდეგ, რაც დატოვა მან ეს კონკრეტული სუბიექტი, რომელიც იყო მონაწილე ამ შეთანხმებისა, ბუნებრივია, შეიცვალა კონფიგურაცია, ამიტომ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება სამართლიანი და ობიქტური. მთლიანობაში, უმჯობესი იქნებოდა, ყოფილიყო ერთი კანდიდატი ზოგადად ყველა ოლქში, მაგრამ ვაცხადებდით, რომ შესაძლებელი იყო, ეს ყველგან ვერ მოხერხებულიყო," - აღნიშნა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ.

"გირჩის" წევრს იაგო ხვიჩია კითხვები აქვს გიორგი ვაშაძის დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით, მისი თქმით, აღნიშნულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

"საინტერესოა მიზეზი მოვისმინოთ შეთანხმებული კანდიდატზე კონკურენტის დაყენების რა არის და ამავდროულად მოვისმინოთ პასუხი შეთანხმებული კანდიდატის იმ პრეტენზიების მიმართ, რაც მის მიმართ არსებობს. ბოლო პერიოდში მომისმენია მიხეილ სააკაშვილისგან, რომ ვაშაძე ფინანსდება ვანო ჩხარტიშვილისგან, გონებაში მაქვს ჩარჩენილი, რომ ეს არგუმენტი ითქვა და რაღაცნაირად მგონია, რომ ამ არგუმენტთან ახლოს არის პრეტენზია," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები