17 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
როგორ აპირებს ოპოზიცია არჩევნებზე ხმების დაცვას - პარტიები იმ მექანიზმებზე მსჯელობენ, რომელიც დეკლარაციაში ჩაიწერება

როგორ აპირებს ოპოზიცია არჩევნებზე ამომრჩევლის ხმების დაცვას - სხვადასხვა ოპოზიციური პარტია დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბება და გადაწყვეტენ, რა ჩაწერონ დეკლარაციაში, რომელიც მოახლოებული არჩევნების შედეგების დასაცავად მიიღეს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამ წუთებში მსჯელობენ მექანიზმებზე, რომლის მიხედვითაც, მათ უნდა შეძლონ და მოახერხონ არჩევნებზე ოპოზიციური ხმების დაცვა. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აქტიურად იმუშავებს საერთაშორისო სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებთან, ასევე უბნებზე ხმის მიცემის დროს. დაახლოებით 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი ე.წ. ხმების დაცვის დეკლარაციას.

"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დღეს არ ეწერება ხელი და არ განიხილება დოკუმენტი კოალიციის არ შექმნის შესახებ, ეს მოხდება შემდეგ ეტაპზე. ამ დოკუმენტის მიზანი იქნება არა კრიზისის შექმნა, არამედ პირიქით კრიზისის თავიდან აცილება. ჩვენი ამოცანა არ გახლავთ ქვეყანაში კრიზისების პროვოცირება. ჩვენი ამოცანაა მშვიდობიანად და პოლიტიკურად ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას "ქართული ოცნება" და შევქმნათ ეფექტური-პროდასავლური კოალიცია, რომელიც გადაწყვეტს ხალხის პრობლემებს," - განაცხადა"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

"ამოცანა ნომერი პირველი გახლავთ - მშვიდობიანად, არჩევნებით შეიცვალოს ხელისუფლება. ოპოზიციის თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ გავაყალბებინოთ არჩევნები "ქართულ ოცნებას", ისევე როგორც ვაიძულეთ და ხელი მოვაწერინეთ 8 მარტის შეთანხმებას. სწორედ ასეთივე ტიპის თანამშრომლობითი მექანიზმი ჩამოვაყალიბოთ არჩევნების გაყალბებით კუთხით. როგორ? - ამის მე ბევრი ტექნოლოგიური გადაწყვეტაც მაქვს. მე შევთავაზებ პროგრამულ უზრუნველყოფებს, რომელიც ჩვენ დავტესტეთ 2018-ში," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. 

"ხელი ეწერება დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც გაერთიანებული "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ვალდებულებას იღებს დაიცვას ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის ხმები, რაც არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა, ასევე თითოეული ჩვენგანის ვალდებულება. მექანიზმებზე შევთანხმდებით, ამაზე საუბარი შესაძლოა ცოტა ადრე იყოს, ამისთვის დრო გვაქვს საკმარისზე მეტი. დეტალებზე მერე ვისაუბრებთ," - განაცხადა პარტია "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილმა.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ  მსგავსი პოლიტიკური მოვლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მომხდარა.

ასევე იგეგმება წინასწარი შეთანხმება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას არ შექმნიან. ამის გარანტიების მიღებასაც პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთისგან ხელმოწერებით შეეცდებიან. თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა დღეს არ იგეგმება.

დღის ამბები