"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ "დღის კურიერის" ეთერში დაადასტურა, რომ ისნის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის დაყენებაზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ თავდაპირველად მისმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მხოლოდ 2 ოლქში იმიტომ დააყენა, რომ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, ეს შეთანხმება ოპოზიციამ ვერ შეძლო.
"სამწუხაროდ, შემდეგ იმ 6 ოლქში ვერ მოხდა შეთანხმება სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, მაგალითად საბურთალოზე, სადაც წარმოდგენილია 4 სხვადასხვა ოპოზიციური კანდიდატი და ჩვენ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არცერთ მათგანს არ დავუჭიროთ ღიად მხარი და არჩევანის თავისუფლება მივცეთ ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც ცხოვრობს საბურთალოს ოლქში.
რაც შეეხება ისანს, დაგიდასტურებთ, რომ მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხზე, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება არ არის მიღებული,"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კომპრომისული ნაბიჯის შემდეგ ოპოზიციამ შეთანხმება ვერ შეძლო და სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში ისნის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დაყენების საკითხი.
"სწორედ ამიტომ, რომ კონსოლიდაცია მომხდარიყო ოპოზიციური კანდიდატების ირგვლივ, ჩვენ ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგით, როცა ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ ჩვენ ვაყენებდით მხოლოდ 2 კანდიდატს თბილისის ოლქებში.
გიორგი ვაშაძე შეთანხმებული კანდიდატი იყო, მაგრამ ამის შემდეგ პროცესი ჩვენს ხელში არ იყო. მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააჟღერა საკუთარი შეთავაზება, დანარჩენ პარტიებს უნდა შეძლებოდათ შეთანხმების მიღწევა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა, რაც აისახა იმაზეც, რომ არის 4 სხვადასხვა ოპოზიციური კანდიდატი საბურთალოზე,"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.