საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან" ლევან გოგიჩაიშვილი პარტიის მხრიდან საერთო ოპოზიციურ დეკლარაციაზე ხელის არმოწერას იმით ხსნის, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა უზნეობად მიაჩნია.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მას არ სჯერა იმის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვინმეს უფლებებს დაიცავს.
"არ მჯერა ამ მოცემულობის, არ მჯერა ამ ადამიანების, ვისზეც თქვენ საუბრობთ. არ მჯერა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყანაში ვინმეს უფლებებს დაიცავს. ეს არის ჩემი უფლება, ამის არ მჯეროდეს და, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან ამ პროცესში მონაწილეობა იქნებოდა ჩვენი ამომრჩევლისთვის ძალიან გაუგებარი. ნებისმიერი ფორმით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად რაიმე ფორმატში მონაწილეობა მიმაჩნია ძალიან დიდ უზნეობად.
ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს "ნაციონალური მოძრაობის" და გიგი უგულავას დახმარების გარეშეც, რამენაირად ამას მოვახერხებთ,"-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ამომრჩეველთა ხმების დაცვა შეიძლება იმის მიუხედავადაც, დეკლარაციაზე ხელი მოწერილი აქვს თუ არა.
"ეს პროცესი, რომელიც ვითარდებოდა, ოპოზიციური საერთო მაგიდიდან დაწყებული, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, არანაირი შინაარსი მას გარდა რევანშისა არ გააჩნია. ეს სიძულვილის ერთობას უფრო ჰგავს, ვიდრე კონკრეტულ ამოცანებზე ორიენტირებას.
მათ მიმართ ნდობა არ არსებობს, როგორ შეიძლება ბილწს ზავით შეეკრა. როგორ შეიძლება ამ ადამიანებთან ერთად რაიმე პოლიტიკური აქტი განახორციელო, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ის ბრძოლა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ იყო მნიშვნელოვანი.
მთელი ცხოვრება ადამიანების უფლებებს ვიცავ რაღაც შეთანხმების გარეშეც,"-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილი იმედოვნებს, რომ ამ არჩევნების შედეგად ქვეყანაში ორპოლუსიანობა დამთავრდება და ამომრჩეველი არ გააკეთებს არჩევანს არც "ქართული ოცნების", არც "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ.
"ყველაფერზე წამსვლელია "ნაციონალური მოძრაობა", საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისე გადაუვლიან ამ 30-ვე პარტიას, ისე გადაჯეგავენ, თვითონ ვერ მოვლენ აზრზე. ივანიშვილის მმართველობის დასრულება ამ ქვეყანაში - ეს გადის "ქართული ოცნების" ამომრჩეველზე.
დიდი იმედი მაქვს, რომ ორპოლუსიანობა საბოლოოდ დაინგრევა ამ არჩევნებზე და ვფიქრობ, რომ ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" არის ფაქტორი. მესმის, ადამიანები აქამდე ვერ ხედავდნენ სხვა რაღაცას, ესეც ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ათრია ბოლომდე "ქართული ოცნება" და მიიყვანა საკუთარი თავი იმ მდგომარეობამდე, რომ მიიყვანა რევანშის საფრთხის წინაშე. "ქართული ოცნებიდან" წამოსული დეპუტატები ფოტოებს იღებენ ვანო მერაბიშვილთან და მზად არიან გადახტნენ მათ ნავში. თუნდაც ჩვენი კოლეგა, ოქრიაშვილი, რომელიც ბოლო წუთამდე იყო "ქართულ ოცნებაში."
იგივე დაემართება "ქართულ ოცნებას" - ეს მოსამართლეები, პოლიციელები, პროკურორები ახლა რომ ბიძინა ივანიშვილის მზეს ფიცულობენ, ერთი ხელის მოსმით ახტებიან და გადახტებიან.
არჩევნების შემდეგ ამომრჩეველი უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენზე გადის, ჩვენს მხარდაჭერაზე გადის გზა, რომ ერთის მხრივ, რევანში არ მოხდეს ამ ქვეყანაში და, მეორეს მხრივ, ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ერთმმართველი. თუ ამომრჩეველი ამ ორ პოლუსს შორის გააკეთებს არჩევანს, მიიღებს ამ მდგომარეობას, მიიღებს ან "ქართულ ოცნებას" დასუსტებულს, ჩამოქცეული ინსტიტუტებით, კორუმპირებულ ქვეყანას, ხოლო თუ რაღაცა მოხდა და მოხდა რევანში, დაბრუნდება ისევ ის ძალადობა, კორუფცია და ისევ დაიწყება ტერორი ქართველების წინააღმდეგ,"-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 26 ოპოზიციურმა პარტიამ საერთო დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ხმების დაცვას გულისხმობს. მათი თქმით, იქნება ერთიანი ბაზა, სადაც ყველა ინფორმაცია მოიყრის თავს. მათ შორის, დარღვევებთან დაკავშირებული სავარაუდო რისკებიც.