17 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
მესამე სექტორი საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესების გამარტივებას ითხოვს

როგორ ჩამოვლენ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები - კონკრეტული პროტოკოლი, ამ ეტაპზე, არ არსებობს.

თუ დამკვირვებლებს ქვეყანაში გამარტივებული წესითა და სავალდებულო კარანტინის გარეშე არ შემოუშვებენ, მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ დამკვირვებლებმა, შესაძლოა, თვითონ თქვან უარი ჩამოსვლაზე, რაც ხელოვნური ბარიერი იქნება.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" იურისტი ნინო რიჟამაძე აცხადებს, რომ დამკვირვებლების რაოდენობასთან დაკავშირებით სახელმწიფომ შეზღუდვები არ უნდა დააწესოს და ეს საკითხი თავად ორგანიზაციამ უნდა განსაზღვროს. 

"კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების და სადამკვირვებლო მისიების მიერ სრულყოფილი დაკვირვება საარჩევნო პროცესებზე იმისთვის, რომ შეფასდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. ამ კუთხით რაიმე ლიმიტი, შეზღუდვების დაწესება სახელმწიფოსგან გაუგებარი იქნებოდა და თავად დამკვირვებლების რაოდენობა უნდა განსაზღვროს იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც აკვირდება. უნდა არსებობდეს უსაფრთხოების პროტოკოლი და გარანტიები, რაც შეიძლება გულისხმობდეს სწრაფი ტესტების ჩატარებას,"-განაცხადა ნინო რიჟამაძემ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "სექტორი 3"-ის თავმჯდომარის, ქეთევან ჩაჩავას განცხადებით ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები მზად არიან პროტოკოლის შემუშავების პროცესში ჩაერთონ.  

"2020 წლის არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ყოფნა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ყველა იმ უწყებამ, რომელსაც ეხება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მასპინძლობა და ყველა უსაფრთხო ზომების გათვალისწინება, ჩაერთოს პროცესში, შემუშავდეს შესაბამისი პროტოკოლი და ჩვენც, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები მზად ვართ სამუშაო პროცესში ჩართულობისთვის,"- განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე აცხადებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრირება არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ დაიწყება. მისივე თქმით, სპეციალური ჯგუფია შექმნილი შესაბამისი პროტოკოლის შესამუშავებლად, რაშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიაც არის ჩართული. 

"დამკვირვებლების, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი დაიწყება მას შემდეგ, რაც არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება. შესაბამისად, ჯერჯერობით არცერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას არ აქვს რეგისტრაცია გავლილი. რა თქმა უნდა, მივესალმებით საერთაშორისო ორგანიზაციების, დამკვირვებლების ჩამოსვლას და მონაწილეობას. პანდემიიდან გამომდინარე, მთავრობის ადმინისტრაციის ეგიდით შეიქმნა სპეციალური საბჭო, სამუშაო ჯგუფი, სადაც მიწვეულია ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისია, სადაც განიხილება და შეჯერდება ის ძირითადი საკითხები პროტოკოლთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა,"-განაცხადა ანა მიქელაძემ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მოწვევა უკვე მიიღეს. საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, დაახლოებით, 40 ქვეყნის წარმომადგენელი დააკვირდება. 

დღის ამბები