17 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ელენე ხოშტარიამ "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესწავლის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა

ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" წინააღმდეგ - პარტიები ითხოვენ, დადგინდეს, იღებენ თუ არა საარჩევნოდ რუსეთიდან დაფინანსებას ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი.

დღეს გენერალურ პროკურატურაში ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ საკითხის შესწავლის მოთხოვნით განცხადება შეიტანა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსულ მედიაში კრემლის მიერ საქართველოში "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესახებ სკანდალური სტატია გამოქვეყნდა.

"არანაირი განცხადების შეტანა არ სჭირდება იმას, რომ ღირსეული, ნორმალური სახელმწიფოს პროკურატურა მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე უნდა საგანგებოდ იწყებდეს გამოძიებას ძალიან ბევრი მუხლით - როგორც იმ მუხლით, რომ დაფინანსება უცხო ქვეყნიდან, მით უმეტეს ოკუპანტი ქვეყნიდან, ეს არის დანაშაული, ასევე, შესაძლო შპიონაჟი, ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები წინასაარჩევნოდ. რუსეთის მხრიდან ეს ახალი არ არის," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სანამ გამოძიება არ დასრულდება "პატრიოტთა ალიანსს" არჩევნებისთვის რეგისტრაცია უნდა შეუჩერდეს. 

"ორი რამ უნდა მოხდეს რეალურად - ერთი უნდა დაიწყოს გამოძიება, და მეორე, შეუჩერეს "პატრიოტთა ალიანსს" რეგისტრაცია არჩევნებისთვის, სანამ გამოძიება არ დასრულდება. მაგრამ "ქართული ოცნება" რომლის სანდო მოკავშირეა "პატრიოტთა ალიანსი", იმიტომ რომ ისინი წარმოადგენენ რუსეთის ორიენტაციის პოლიტიკური ძალების სხვადახვა განშტოებებს, რა თქმა უნდა "ქართული ოცნება" ამას არ გააკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობა არამხოლოდ შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებას, რომ ეს გააკეთოს, არამედ პირდაპირ მოითხოვს რომ ეს გაკეთდეს," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ოქტომბრის არჩევნებზე, კრემლმა თავისი რჩეულები დაასახელა, ესენია "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი - ამის შესახებ საუბარია რუსულ საგამოძიებო სტატიაში. საინფორმაციო სააგენტო "დოსიეს" ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ პატრიოტთა ალიანსის პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს.

რუსული მედია წერს, რომ კრემლმა სერგეი მიხეევი დაიქირავა, რათა ირმა ინაშვილის საარჩევნო პიარკამპანიას გაუძღვეს. როგორც ცნობილია სერგეი მიხეევი კავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში პრორუსული ძალების დასახმარებლად.

დღის ამბები