ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეიქმნას პროტოკოლი იმის უზრუნველსაყოფად, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლებმა მონაწილეობის მიღება დაუბრკოლებლად შეძლონ. ოპოზიციის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება არჩევნების პერიოდში დამკვირვებლების რაოდენობის შესამცირებლად პანდემიას გამოიყენებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ სპეციალური პროტოკოლი მთავრობას უკვე შემუშავებული უნდა ჰქონოდა.
"ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ აქამდე სპეციალური პროტოკოლი საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის არ არის შემუშავებული. იმისი მტკიცება პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის მხრიდან, რომ რაღაც სახის პროტოკოლია აუცილებელი, მტკნარი სიცრუეა, რადგან აქამდე უნდა მოეხდინათ პანდემიის პირობებში ამ სპეციალური პროტოკოლის შექმნა.
პირდაპირ გეტყვით, რომ საზღვრების ჩაკეტვა არის რამდენიმე მიზეზით განპირობებული: პირველი, რომ ემიგრანტები არ ჩამოვიდნენ, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა რომ შეამცირონ. ძალიან დიდი ბუნდოვანებაა ამ მხრივ. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ ამაზე ძალიან მკაცრ რეაგირებას,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი წერეთლის თქმით, მკაფიოდ უნდა გაიწეროს ის პროცედურები, რომლის გავლაც საქართველოში ჩამოსვლისთვის საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწევთ.
"საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა ამ არჩევნებზე, ვფიქრობ, კრიტიკულად აუცილებელია. ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს შედეგების შეფასება და ლეგიტიმაციაც; მინიმუმამდე იყოს ის დარღვევები, რომელიც, წესით, იარსებებს. ამიტომ, ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ ამ ორგანიზაციებს, იქნება ეს ეუთო, ევროპის საბჭო თუ სხვა, გარდა იმ ოფიციალური მოწვევისა, თუ როგორ იქნება პროცედურები - იქნება ეს კარანტინი, ტესტირება თუ სხვა. საქართველოში ჩამოსვლის და ოპერირების ეს სახელმძღვანელო უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ გაწერილი. თუ დაიწყო ამით მანიპულირება, ეს რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ცუდი,"-განაცხადა გიგი წერეთელმა.
პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, მისმა პარტიამ უკვე მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ამ თემაზე საზოგადოების ინფორმირება პერიოდულად უზრუნველყოს.
"სრულიად სპეციფიკური ღონისძიებები არის გასატარებელი, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის მხრიდან, რომ თითოეული საერთაშორისო ორგანიზაციიდან და ქვეყნიდან, გარანტირებულად, სპეციალური სქემებით ხდებოდეს ადამიანების მოწვევა და მათი უსაფრთხო და დროული ჩამოყვანა და ჩაბმა პროცესში. ჩვენ ამიტომ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ პერიოდულად მოაწყოს საზოგადოების ინფორმირება,"-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მოსაზრებით, საზღვრების ჩაკეტვის ერთ-ერთი მიზანი სწორედ არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობის შემცირებაა.
"ქართული ოცნება" არ ხსნის საზღვრებს, რითაც შიმშილისთვის გაწირა მთლიანად მოსახლეობა. მეორე, რომ ამას არ ხსნის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზნებისთვის. ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს, რომ ხელი შეუშალოს დამკვირვებლების შემოსვლას. სხვა მიზანი არის, რომ ფიქრობს რომ მშიერი ხალხის მართვა საარჩევნოდ უფრო მარტივი იქნება და კაპიკებს, რომელსაც უგდებს და მილიონებს ჯიბეში იდებს, ფიქრობს, რომ ამით კონკრეტულ შედეგს ნახავს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობის მისაღებად სპეციალური პროტოკოლი ჯერ არ შემუშავებულა. თუ დამკვირვებლებს ქვეყანაში გამარტივებული წესითა და სავალდებულო კარანტინის გარეშე არ შემოუშვებენ, მესამე სექტორში ფიქრობენ რომ დამკვირვებლებმა, შესაძლოა, თვითონ თქვან უარი ჩამოსვლაზე.