პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლებმა ჩართვა დაუბრკოლებლად შეძლონ.
მისივე თქმით, დამკვირვებლები მაქსიმალურად ნაკლები ბარიერების საფუძველზე შეძლებენ ქვეყანაში ჩამოსვლას.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა, შეუფერხებლად ჩამოვიდნენ საქართველოში და მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ამისთვის, ჩვენი გუნდი ამუშავებს მთელ რიგ საკითხებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ მაქსიმალურად ნაკლები ბარიერების საფუძველზე და, ამასთანავე, მათი ჯანმრთელობისთვის დამატებითი რისკების შექმნის გარეშე უზრუნველყოფილი იყოს დამკვირვებლების წარმოდგენა საქართველოში,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობის მისაღებად სპეციალური პროტოკოლი ჯერ არ შემუშავებულა. ოპოზიციის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება არჩევნების პერიოდში დამკვირვებლების რაოდენობის შესამცირებლად პანდემიას გამოიყენებს.
ამასთან, მესამე სექტორი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ თუ დამკვირვებლებს ქვეყანაში გამარტივებული წესითა და სავალდებულო კარანტინის გარეშე არ შემოუშვებენ, დამკვირვებლებმა, შესაძლოა, თვითონ თქვან უარი ჩამოსვლაზე.