"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, არ საუბრობს დეტალებზე, თუ როგორ მოხვდა რეგიონში და შედგა თუ არა შეხვედრა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.
როგორც ირმა ინაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, დეტალებზე ის სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრებს:
"ყველაზე საინტერესო ხალხისთვის ის არის, რომ ჩვენ ილორში ჩავედით, ჩავაბრძანეთ ღვთისმშობლის ხატი და ასეთი რამ, არ მომხდარა მრავალი წელია. ჩვენი სურვილი იყო, რომ ჩაგვებრძანებინა და მე სხვა დეტალებზე არ ვისაუბრებ. ბრიფინგს ჩავატარებ და ვილაპარაკებ. გამოჩნდა სინათლის პატარა სხივი იქ რომ ჩავედით და ამ სინათლის სხივმა, გააღიზიანა, გააბოროტა და ჩვენ წინააღმდეგ დალაშქრა საქართველოს მტრები.
როგორ ჩავედით ამაზე მეტად საინტერესო ის არ არის, რომ იქ ჩავედით და ხატი შევწირეთ ილორის ტაძარს?" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.