17 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ოპოზიციის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები რუსული და ქართული სპეცსამსახურების გარეშე ვერ მოხვდებოდნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების გადასვლას, მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ პარტიის ქმედებები ზუსტად შეესაბამება  ბოლოს გავრცელებულ ინფორმაციებს, რომ ისინი რუსეთის ფედერაციისგან ფინანსდებიან:

"ცალკე საკითხია რომ ინაშვილს და მისი პარტიის წევრებს არანაირი პრობლემა არ აქვთ რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევიდნენ და მით უმეტეს არც რუსეთში, რომ იქ შეხვდნენ მაღალჩინოსნებს, ეს ძალიან კარგად ჯდება იმ ინფორმაციაში, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა, როგორ ფინანსდებიან ისინი რუსეთის ფედერაციისგან. ეს ცალკე საკითხია და ამას ნორმალურ ქვეყანაში აუცილებლად მიხედავდა პროკურატურაც და სუსიც," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.

"ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას აფხაზეთში გადასვლა სპეცსამსახურების ჩარევის გარეშე არ მოხდებოდა. ამასთან ნათელაშვილი ქართულ სპეცსამსახურების რუსეთის სპეცსამსახურების ფილიალს  უწოდებს.

"საქართველოს სპეცსამსახურებმა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების ფილიალია გადაიყვანეს ორი პროპუტინისტი არსება აფხაზეთში, იქ დახვდათ რუსული სპეცსამსახური, მიიყვანეს სადღაც და წამოიყვანეს უკან. აქედან უნდა გააკეთო დასკვნა, რომ რუსეთის დესანტი აგერ თბილისშია და პარლამენტშია," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

რუსული ჩარევების გარეშე ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკოსების გადასვლას წარმოუდგენლად მიიჩნევს "ლელოს" წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე:

"პოლიტიკოსების გადასვლა რუსული ჩარევების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია და რუსეთი რომ აფხაზეთთან მიმართებაში საქართველოს მეგობარი არ არის და არაა განწყობილი იმისთვის, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, ამაში აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი. შესაბამისად ძალიან რთულია რამე პოზიტივი დავინახო ამ ტიპის გადასვლაში," - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

როგორ მოხვდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერები - ეს კითხვა ღიად რჩება. თავად ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ რეგიონში მხოლოდ ეკლესიის მოსალოცად ჩავიდა. ამ საკითხზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა "დღის კურიერში" ისაუბრა და განმარტა რომ ვიზიტის მიზანი ოკუპირებულ რეგიონში ხატის ჩატანა იყო. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე თანამდებობიდან გადადგა. ლაშა საქანია მიზეზად აფხაზურ საზოგადოებაში შესაძლო მღელვარების თავიდან აცილებას ასახელებს

დღის ამბები