პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ქართული ოცნების" ძალისხმევა მიმართულია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების გზით. რაც შეეხება სხვა პოლიტიკური პარტიების ქმედებებს, ამაზე პასუხი თავად სხვა პარტიებმა უნდა გასცენ. აღნიშნული განცხადება არჩილ თალაკვაძემ "პატრიოტთა ალიანსის" ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლასთან დაკავშირებით გააკეთა:
"ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების გზით ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარებით ჩვენ შევძლებთ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება, მშვიდობა, სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. რაც შეეხება სხვა პოლიტიკური პარტიების ქმედებებს, ეს კითხვები უნდა დაუსვათ მათ, ეს არის მათი გადაწყვეტილებები. ამაზე განმარტებებს ჩვენ არ ვაკეთებთ და არც ვართ ვალდებულები," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორ მოხვდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერები - ეს კითხვა ღიად რჩება. თავად ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ რეგიონში მხოლოდ ეკლესიის მოსალოცად ჩავიდა. ამ საკითხზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა "დღის კურიერში" ისაუბრა და განმარტა რომ ვიზიტის მიზანი ოკუპირებულ რეგიონში ხატის ჩატანა იყო.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე თანამდებობიდან გადადგა. ლაშა საქანია მიზეზად აფხაზურ საზოგადოებაში შესაძლო მღელვარების თავიდან აცილებას ასახელებს.