17 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"შოკირებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ბავშვის ბიძამ იცოდა და არ დაიცვა" - სოფო კილაძე 11 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ 11 წლის ბავშვის გარდაცვალებისა და მასზე შესაძლო ძალადობის ფაქტი, როგორც საზოგადოების, ასევე - სახელმწიფოს პრობლემაა. 

"მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, ესეც საკითხავია. ეს ამბავი მთელი საზოგადოების პრობლემაა. აქ ორი ძირითადი განზომილებაა, ერთია ის, რომ უნდა არსებობდეს გამართული სისტემა იმისთვის, რომ როდესაც საზოგადოების წევრები არ ატყობინებენ სახელმწიფოს დანაშაულის შესახებ, ამ დროს სახელმწიფომ მაინც პროაქტიულად უნდა იმუშაოს ამაზე. მაგალითად უნდა ჩაერთოს განათლების სისტემა. ამასთან, აქ მეორე  საზოგადოების პრობლემაა, რომლებმაც გვერდით გაიხედეს და ხმა არ ამოიღეს. მე შოკირებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ბავშვის ბიძამ იცოდა, რომ მასზე მამა ძალადობდა და მაინც არ დაიცვა ბავშვი. ამ დროს საზოგადოება გულგრილი არ უნდა იყოს," - აცხადებს სოფიო კილაძე. 

იმაზე თუ რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს ამ შემთხვევაში და რა როლი უნდა ჰქონოდა მას, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ პირველ რიგში სახელმწიფოს მსგავსი ფაქტების მიმართ, სისტემური მიდგომა უნდა ჰქონდეს. 

"დავინახეთ, რომ ბავშვების კუთხით ჩვენ სისტემური მიდგომა არ გვაქვს, როგორც სახელმწიფოს. უნდა იყოს ერთიანი სისტემა, სადაც პოლიცია, სოციალური სამსახური, განათლების სისტემა, პროკურატურა, სასამართლო და ა.შ ყველა ერთად იმუშავებს ბავშვების დასაცავად. აუცილებელია, მათ შორის იყოს ოჯახი და მთლიანად საზოგადოება. კოდექსი, რომელიც პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის, სწორედ ამ სისტემას ქმნის. ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაში უნდა იყოს სპეციალური სამსახური,"- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ.

ქუთაისის სასამართლომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ მამას აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა. დაუმძიმებენ თუ არა მამაკაცს ბრალს, ეს ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამა, შვილზე სისტემატურად ძალადობდა. განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება განმარტავს, რომ სამინისტროში ძალადობის თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება არ შესულა და პოლიციის მხრიდან ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გაცემული არ ყოფილა.

დღის ამბები