17 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
"მაინტერესებს, რატომ წამოიწია ბავშვის უფლებათა კოდექსის თემამ მაინცდამაინც არჩევნებამდე" - სოფო კილაძე მედიისა და NGO-ების შენიშვნებზე

1 სექტემბრიდან ძალაში შედის ბავშვის უფლებებათა კოდექსი, რომელსაც ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოების დიდი ნაწილი დადებითად აფასებს, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ არის გარკვეული ბუნდოვანებები, ზოგიერთი ნორმა არის ძალიან ზოგადი, აბსტრაქტული და არ იციან უწყებებმა, რა იგულისხმება სხვადასხვა დებულებაში და როგორ უნდა აღასრულონ ის.

ყველაზე მთავარი შენიშვნა ეხება ამ კოდექსიდან გამომდინარე ცვლილებებს, რომლებიც სხვა კანონში უნდა შევიდეს და არეგულირებს მაუწყებლების ქცევას.

ამონარიდი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებიდან :

"ერთი შეხედვით, ცვლილება დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორებიცაა სუიციდი, ძალადობის გაშუქება, ნარკოტიკები, აზარტულ თამაშები და სექსუალური სცენები. თუმცა, ახალ რეგულაციებში გამოყენებულია არაერთი ბუნდოვანი ტერმინი ("სოციალიზაციის ხელშეწყობა“, "შეუფერებელი პროგრამა“, "შეურაცხმყოფელი ლექსიკა“ და სხვა), რომელთა განსაზღვრაც რთული, სუბიქტური და შეფასებითია. შემოთავაზებული ნორმებით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი უფლება. გარდა ამისა, შეზღუდვა ბუნდოვანია და იძლევა მედიის კონტროლისა და ცენზურის მნიშვნელოვან შესაძლებლობას".

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ კანონზე პრობლემა და პრეტენზია სამი წლის მანძილზე არავის ჰქონია და მხოლოდ წინასაარჩევნოდ გახდა პრობლემა.

"ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, როდესაც არასამთავრობოების და მედიის ნაწილმა გააპროტესტა ეს ყველაფერი.

რაც შეეხება მათ პრეტენზიას, რომ მე ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოებთან არ გავიარე კონსულტაცია - ეს ყველაფერი არის სიცრუის ტირაჟირება, რადგან აბსოლუტურად ყველა იყო ჩართული ამ თემაში. ასეულობით შეხვედრა მქონდა მე, პირადად და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წარმომადგენლები ამ თემაზე საკმაოდ აქტიურად მუშაობდნენ. მაშინ არცერთი პრეტენზია ჩვენ ამ თემაზე არ მიგვიღია.

მე მაინტერესებს, რატომ წამოიწია ამ თემამ მაინცდამაინც არჩევნებამდე, რატომ ისმის ეს კითხვები ახლა სამი წელია ამაზე ვმუშაობთ. ახლა, როდესაც კოდექსის ძალაში შესვლამდე ერთი კვირა დარჩა, სწორედ მაშინ გახდა პრობლემა, თურმე.

მედია დღესაც ვალდებულია, შეასრულოს ეს ნორმები რაც დადგენილია. თუ აქამდე პრეტენზია არ ჰქონდა მედიას, კანონში შესვლამდე წინასაარჩევნოდ რატომ გახდა ეს ყველაფერი პრობლემა

მე არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ კანონი იდეალურად არის დაწერილი ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ და დავაზუსტოთ ყველაფერი,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები