17 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს

მცირე და საშუალო ტურისტული კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  "სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020"  წამოიწყო.

პროექტის ფარგლებში  სახელმწიფო ხელს შეუწყობს კერძო სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს, მაქსიმუმ 20 ნომრიან განთავსების ობიექტებს, რომლებსაც გაყიდვების მიმართულებით გამოწვევა აქვთ. ახალი პროექტი დაეხმარება სასტუმროებს შემოსავლის გაზრდაში.

პირველ ეტაპზე პროექტი იმერეთსა და  გურიას მოიცავს, მომდევნო ეტაპები კი დანარჩენ რეგიონებს. პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა.

პროექტში მონაწილეობის მსურველ სასტუმროებს  პროგრამის რეგისტრატორები,  ფოტოგრაფები, დიზაინერები, ტექნიკური ჯგუფის წევრები რეგიონებში, ადგილზე ეწვევიან. თითოეულ განთავსების ობიექტს გადაუღებენ ფოტოებს, მოამზადებენ საიმიჯო ფოტოებს, კონსულტაციას ჩაუტარებენ ინტერიერის დიზაინის მოწყობაში,   დაეხმარებიან ტურისტული შეთავაზების უკეთ ფორმირებაში, ონლაინ გაყიდვების პლატფორმის მართვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ვებ -გვერდის booking.com-ზე სასტუმროების ფოტოების ატვირთვასა და მომხმარებლების  მოსაზიდად სწორი აღწერილობის მომზადებაში. პროგრამა განთავსების ობიექტებისთვის ტრენინგებსაც მოიცავს. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების ხელშეწყობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, არსებული შეთავაზების პოპულარიზაცია და გაყიდვების სტიმულირება.

პროექტის პოპულარიზაციის მიზნით მოხალისეები დააარიგებენ ბროშურებს.

"სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020-ში"  რეგისტრაციისათვის იხილეთ ბმული.

დღის ამბები