"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა დევი ტაბიძემ ყოფილი თანაგუნდელების წასვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, უსაფუძვლოა ის არგუმენტი, რასაც შალვა შავგულიძე წასვლის მიზეზად აცხადებს.
როგორც პარტიის წევრი ამბობს, ის ვერ ხედავს პრობლემას, თუ რატომ არ უნდა მისულიყო "ქართული ოცნების" მაჟორიტარების წარდგენაზე, სადაც მის გარდა 11 ექიმი იყო მიწვეული, რადგან, მისი თქმით, პირველ რიგში ის არის ექიმი და შემდეგ - პოლიტიკოსი.
"ეს იყო ღონისძიება, სადაც ჩვენ მიგვიწვიეს 5-თვიანი შრომის შედეგად, 11 ექიმი. წარმოდგენილი იყო ხელმძღვანელი პირები ამ გუნდის. ამ მომენტში იყო წარდგენა მაჟორიტარების. თქვენ როგორ გგონიათ, ჩვენ გვქონდა ახლა იმის უფლება მორალური, რომ ავმდგარიყავით და წამოვსულიყავით ამ შეხვედრიდან?! ვისხედით სკამებზე, სანამ ეს შეხვედრა არ დასრულდა.
ტაშის კვრა სად დაინახეს, არ ვიცი. კიდევ იქნება შეხვედრა ექიმებთან ამ მოტივით, იმ შეხვედრას დავესწრები," - განაცხადა დევი ტაბიძემ.
შალვა შავგულიძის თქმით, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება "გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ" მიაღებინა.
"მაგალითისთვის ვიტყვი მხოლოდ ერთს, ცოტა ხნის წინ, ქართული ოცნების მაჟორიტარობის 30 კანდიდატის წარდგენის საზეიმო ცერემონიალს მხარდამჭერის სტატუსით ესწრებოდა გამგეობის აღნიშნული უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და იმავდროულად, ჩვენი პარტიის საგარეო მდივანი, ექიმი დევი ტაბიძე.
არ ვარ დარწმუნებული, რომ თავისუფალი დემოკრატების პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ისინი უერთგულებენ ოპოზიციურ შეთანხმებას "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან სამთავრობო კოალიციის არშექმნის თაობაზე," - განაცხადა შავგულიძემ.