იუსტიციის მინისტრი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სააკაშვილი არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი განაჩენი.
"ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ის ქართველ ხალხს მიმართავს, თითქოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზე და რა თქმა უნდა, ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი განაჩენი, რომელიც შეიძლება გადაისინჯინოს, როდესაც საპატიმროში იქნება,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს "ფეისბუქით" მიმართვა გაავრცელა - ის წერს, რომ წლების გადმოსახედიდან უკეთესად გაიაზრა, როგორ უნდა ემსახუროს ქვეყანას უკეთესად, დაშვებული შეცდომების გამო კი ბოდიშს იხდის.
"ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე რაც ჩვენ შევქმენით დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ ზუსტად ვხვდები და ვიცი რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!" - წერს სააკაშვილი.