"პატრიოტთა ალიანსის" კრემლიდან დაფინანსების საკითხზე და პარტიის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე, ვითარების შესწავლის აუცილებლობაზე, ოპოზიციასთან ერთად, მმართველი გუნდიც საუბრობს.
"ბევრი ბრალდება ვნახე, მე ვფიქრობ, რომ ყველას ინტერესში უნდა იყოს, არგუმენტირებული პასუხი გაეცეს თითოეულ კითხვას. აუცილებელია, რომ ამასთან დაკავშირებით მოკვლევა ჩატარდეს.
რაც შეეხება პარტიის დაფინანსების საკითხს, მას აუდიტის სამსახური სწავლობს. ჩვენი კანონმდებლობით აკრძალულია უცხო ქვეყანა აფინანსებდეს რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს, ამიტომ, აუცილებელია, ჭეშმარიტება დადგინდეს,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
ოპოზიციის ნაწილი "პატრიოტთა ალიანსის" არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს. ამის მიზეზი ის საგამოძიებო მასალებია, რომელიც რუსულმა სააგენტო "დოსიემ" გაავრცელა. ამ მასალების მიხედვით, კრემლი "პატრიოტთა ალიანსს" აფინანსებს.
გენერალურ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადებაც არის შესული. პარალელურად ისმის კითხვები ირმა ინაშვილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტთან დაკავშირებითაც.