საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით, რომლითაც მან საქართველოში დაბრუნება დააანონსა, ოპოზიური პარტიების წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ეს არ არის პრემიერ-მინისტრობის ის კანდიდატი, რომლის ირგვლივაც, შესაძლოა, ფართო პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს,
"მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რაც პირდაპირ დაადასტურა ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული ბრალდებები შეთითხნილია. "ნაციონალური მოძრაობა" ვის წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ეს მისი გადასაწყვეტია. მე წარმოვადგენ "ევროპულ საქართველოს", ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენი გეგმა, რომლითაც ამომრჩევლის წინაშე წარვდგებით.
რაც შეეხება, ზოგადად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს, მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ფიგურა, რომლის გარშემოც შესაძლებელია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს,"-განაცხადა ოთარ კახიძემ.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ.
"მიხეილ სააკაშვილი არასდროს ყოფილა დისტანცირებული ქართული პოლიტიკიდან. სადაც არ უნდა ყოფილიყო, ის ყოველთვის აქტიურად რეაგირებდა ყველა პროცესზე, რაც საქართველოში მიმდინარეობდა. დღევანდელი მისი გადაწყვეტილება და გზავნილი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და სწორედ მათი გადასაწყვეტია, დაბრუნდება ის და რა დოზით და და როლი ექნება მას ქართულ პოლიტიკაში,"-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაშ დაბრუნების ლეგიტიმური ამბიცია აქვს და მის გადაწყვეტილებას მიესალმება.
"მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს გარკვეული ლეგიტიმური ამბიციები ყველა მიმართულებით. ის იყო ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, მას აქვს სრული უფლება დაბრუნდეს საქართველოში და აქედან გამომდინარე, მივესალმები იმ გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებს,"-განაცხადა პაატა დავითაიამ.