"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ კახიძემ "დღის კურიერის" ეთერში განცხადა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისანში საკუთარი კანდიდატის დაყენებით დიდი შეცდომა დაუშვა, რომლის პოლიტიკურ ფასსაც არჩევნებზე გადაიხდის.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ისანში საკუთარი კანდიდატის დაყენებით დიდი შეცდომა დაუშვა, რომლის პოლიტიკურ ფასსაც გადაიხდის, რადგან მ ყველაფერს საზოგადოება აფასებს. სრულიად აბსურდული არგუმენტები აქვთ მათ. თურმე ვაშაძემ "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველში ნდობა დაკარგა, სად გაზომეს ეს მაინტერესებს.
შეთანხმება მთლიანობაში მაინც არსებობს, ჩვენ არ დაგვირღვევია ამის პირობები და არც დავარღვევთ. ის, რომ ისნის ოლქში შეთანხმება ერთმა პარტიამ დაარღვია, ეს მათ სინდისზეა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ოლქებში ოპოზიციას საერთო კანდიდატები არ ჰყავს. თბილისში, ოპოზიცია არამარტო საერთო კანდიდატებზე, არამედ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაზე შეთანხმდა. ჩვენ მთავარი, საერთო ბრძოლა ივანიშვილთან გვაქვს. აღსანიშნავია, რომ მთავარი ორი ეროვნული ამოცანაა. პირველია, ივანიშვილის გაშვება მშვიდობიანი გზით, მეორე კი ქვეყნის წინ წაყვანა ივანიშვილის მოშორების შემდეგ,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.
ვინ ებრძვის მთავარ ფრონტზე ერთმანეთს - ოპოზიცია ოპოზიციას თუ ოპოზიცია მმართველ გუნდს - ამ საკითხზე ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ მთავარი ბრძოლა ოპოზიციას მმართველ პარტიასთან აქვს, თუმცა, მისივე თქმით, ოპოზიციას შორის კონკურენცია ნამდვილად არის.
"მთავარი ბრძოლა არა ოპოზიციის კანდიდატებს შორის მიმდინარეობს, არამედ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის. სწორედ ეს გახლავთ ფრონტის მთავარი ხაზი. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს შორის შიდა კონკურენციას, დიახ, "ევროპული საქართველო" მიიჩნევს, რომ ჩვენ უკეთესი პოლიტიკური ძალა ვართ, ვიცავთ შეთანხმების პირობებს, არ გვინდა ერთპიროვნული მმართველობა და გვინდა კოალიციური, შეცდომებზე არამხოლოდ ხმამაღლა ვსაუბრობთ, არამედ შეცდომები გააზრებული გვაქვს და აქედან გამომდინარე გვაქვს დასახული წინსვლის გეგმა.
"ნაციონალური მოძრაობა" ჩვენგან განსხვავებით კოალიციურ მთავრობაზე კი არ საუბრობს, მათი ლიდერი პირდაპირ გვეუბნება, რომ ამ პარტიამ არჩევნები ერთპიროვნულად უნდა მოიგოს. როგორც ჩანს მათ ახალი საარჩევნო სისტემა კარგად ვერ გაიაზრეს," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ოთარ კახიძე.