17 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
გიორგი ვაშაძეს ჩვენი ამომრჩეველი აღარ უჭერს მხარს, ამიტომაც საჭირო გახდა დაგვეყენებინა ძლიერი კანდიდატი - გიორგი ბარამიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის ნდობა დაკარგა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ისნის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ხატია დეკანოიძის დაყენება.

როგორც მან "დღის კურიერში" აღნიშნა, გიორგი ვაშაძემ გამარჯვების შანსი დაკარგა, "ქართული ოცნების" დასამარცხებლად კი ძლიერი კანდიდატია საჭირო. 

"ჩვენ რაც გავაკეთეთ კვლევა ამ დღეების განმავლობაში, რომ არის თუ არა შანსი, გიორგი ვაშაძეს ჩვენმა, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა, რაც არის უდიდესი წილი ოპოზიციური ელექტორატისა, დაუჭიროს მხარი. ირკვევა, რომ აღარ დაუჭერენ მხარს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა, რომ დავამარცხოთ ივანიშვვილი ისნის ოლქში, ამიტომ, სხვა გამოსავალი არ არის და იქ უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, რომელსაც ელექტორატის უდიდესი ნაწილი დაუჭერს მხარს. აქედან გამომდინარე, გამოსავალი არის "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან ძლიერი და ღირსეული კანდიდატის დაყენება. ეს არის ჩვენი და ჩვენი ამომრჩევლის ხედვა.

პირველ ყოვლისა, ჩვენ პატივს ვცემთ და ორიენტირებულები ვართ ჩვენი ამომრჩევლის აზრზე და მის ნებაზე. ეს არის ის ამომრჩეველი, რომლის იმედი აქვს მთელს ოპოზიციას, რომ დაამარცხებს ივანიშვილს. დღეს ოპოზიციას აერთიანებს გაცილებით მეტი, ვიდრე რაღაცები გვყოფს და ეს გაცილებით მეტი არის, ჩემი ღრმა რწმენით, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმისგან.

თუ მარტოობაზეა საუბარი, ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ ჩვენს ძალიან მრავალრიცხოვან ამომრჩეველთან, ვიდრე რამდენიმე იმ პარტიასთან, რომელიც, რატომღაც, ვერ იმჩნევს გიორგი ვაშაძის მიერ დარღვევას საბურთალოს ოლქში. ეს მათ სინდისზე იყოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სხვა კოლეგების მიერ დარღვევის ვერ შემჩნევა ასხამს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყალს, მიგვაჩნია, რომ გიორგი ვაშაძის მიერ გადადგმული ის ნაბიჯები იყო ძალიან დამაზიანებელი ოპოზიციისათვის და იძულებულები ვიყავით დაგვეყენებინა ის კანდიდატი, რომელიც არის გამარჯვების პოტენციალის მქონე და გაიმარჯვებს კიდეც,"-განაცხადა გია ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმებული კანდიდატების დაყენება სცადეს და ისნის მაჟორიტარულ ოლქში ასეთი კანდიდატი გიორგი ვაშაძე იყო. მოგვიანებით, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებით, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში "სტრატეგია აღმაშენებელმა" საკუთარი კანდიდატი - თაკო ჩარკვიანი დააყენა და, შესაბამისად, არ დაუჭირა მხარი შეთანხმებულ კანდიდატ ზურა ჯაფარიძეს.

ცოტა ხნის წინ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება ისნის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციას შორის კონკურენციის გაზრდასთან დაკავშირებით და იქ საკუთარი კანდიდატი, ხატია დეკანოიძე წარადგინა. 

დღის ამბები