"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საქართველოს მიმართ პასუხისმგებლობით და სიყვარულით არის გამსჭვალული.
მან აღნიშნა, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მისმა გუნდმა იცის, როგორ უნდა ქვეყნის შენება.
"ძალიან სასაცილოა, ალბათ იმის გვერდზე უნდა დადონ, მათი ლიდერი როგორ ხტუნაობს იქ ტიკ-ტოკზე. მიხეილ სააკაშვილის ეს მიმართვა ხალხისადმი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარულით გამსჭვალული, რომელიც ძალიან კარგად ხედავს, რამდენი რამ დარჩა ჩვენს გუნდს გასაკეთებელი, კიდევ რამდენი მოუგვარებელი პრობლემაა - გაჭირვება, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი ტემპებით იზრდებოდა ეკონომიკურად. ჩვენ 4-ჯერ გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა, 11-ჯერ ბიუჯეტი, პენსიები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და, ბუნებრივია, ამ ვითარებაში, სწრაფი სვლის დროს, შეცდომებიც დავუშვით. ჩვენ არც იქამდე გვითქვამს უარი ბოდიშის მოხდაზე, მიხეილ სააკაშვილსაც აქვს და ჩვენც, რაც შეცდომა დავუშვით, ჩვენი ვალდებულებაა, რადგან ხალხი როცა ქირაობა ამა თუ იმ გუნდს, რომ ქვეყანას ემსახუროს, თუ რაღაც შეცდომას დაუშვებ, არც ის უნდა გეთაკილოს, რომ ბოდიში მოიხადო. ამასთან, თქვა, რომ ჩვენ ვიცით ქვეყნის შენება როგორ უნდა, ჩვენ ვიცით, რა შეცდომა არ უნდა დავუშვათ. მოვდივართ იმისთვის, რომ როდესაც დავამარცხებთ ივანიშვილს, ქვეყანა განვითარდეს ძალიან სწრაფად,"-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
კითხვაზე, ტუ როდის აპირებს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ეს მაშინ მოხდება, როცა მიხეილ სააკაშვილი იპოვის საჭირო მომენტს ამისთვის. თუმცა, მანვე გაუსვა ხაზი, რომ მისი პოლიტიკური გუნდის მიზანი არჩევნების დროს არეულობა არ არის.
"ჩვენ არ გვინდა შფოთი და სწორედ ის, რასაც ივანიშვილი ნერგავს, რომ რაღაც არეულობა მოყვეს არჩევნებს. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდად ჩატარდეს არჩევნები და მოვიცილოთ მშვიდობიანად, არჩევნების გზით ეს რეჟიმი და შემდეგ ყველამ ერთად, წარსული ცუდი თუ კარგი გამოცდილების გათვალისწინებით, ქვეყანა ამოვიყვანოთ ჭაობიდან და გავაგრძელოთ იმ სწორ გზაზე სიარული, რა გზაზეც იდგა თავის დროზე საქართველო. როდის ჩამოვა, ამას თვითონ გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილი, როცა ამის სწორ მომენტს დაინახავს.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ჯერ ეს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული "ნაციონალურ მოძრაობას," მაგრამ თუკი "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ყველაზე დიდი პარტია გამარჯვებულთა შორის, მას ეყოლება ის კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისა, რომელიც არის ჩვენი პარტიის რეალური ლიდერი და ეს არის დევნილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი,"-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.