საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჩამოსვლისთანავე მას განახლებული მართლმსაჯულება და პოლიტიკური პროცესი ელოდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.
"ყოველი არჩევნების წინ სააკაშვილი გამოდის და თავის შემცირებულ მხარდამჭერებს ეუბნება, რომ ის დაბრუნდება. ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა. მას, პირველ რიგში, ელოდება რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ პოლიტიკური პროცესი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მისი თანამებრძოლიც, როგორც ჩანს, მასზე ძალიან გაბრაზებულია, თუმცა თუ ის მაინც შეძლებს და მოძებნის ძალას, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში, აქ დახვდება თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფო. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა გაცვალა თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ საქართველოში ბრუნდება. ამასთან, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე ისმის ვარაუდები, რომ მიხეილ სააკაშვილი მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება.