2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ნაწილი უკვე ემზადება რეგიონებში საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატების წარსადგენად, ნაწილმა კი რჩეულები უკვე დაასახელა.
უახლოეს დღეებში გაირკვევა, ვინ იქნებიან "ნაციონალური მოძრაობის" სახეები დარჩენილ 22 ოლქში. პარტიის ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ უმრავლეს ოლქებში კანდიდატებთან დაკავშირებით პარტიის შიგნით შეთანხმება უკვე მიღწეულია.
"ნაციონალური მოძრაობა" დაიწყებს უკვე ეტაპობრივად, სხვადასხვა ოლქში საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენას. ფაქტობრივად, ეს პროცესი დამთავრებულია, დარჩა 1-2 ოლქი და რამდენიმე დღეში ეს ოლქებიც იქნება მთლიანად დაკომპლექტებული. რა თქმა უნდა, იქნებიან ლიდერებიც, ასევე, ის ადამიანები, რომლებიც უფრო შეეფერებიან ამა თუ იმ ოლქის სპეციფიკას. უმეტესობა, რა თქმა უნდა, იქნებიან "ნაციონალური მოძრაობიდან,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.
კითხვაზე, დაუპირისპირდება თუ არა ფოთის მაჟორიტარულ ოლქში "ევროპული საქართველოს" კანდიდატ გიგა ბოკერიას მურთაზ ზოდელავა, რომან გოცირიძემ პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ცალკეულ ოლქებთან დაკავშირებით ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, კარგი იქნებოდა რეგიონებში ოპოზიციას ერთიანი კანდიდატები ჰყოლოდა, თუმცა რადგან ასეთია ვითარება, მისი პარტია უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე კანდიდატს დაასახელებს.
"ყველაზე კარგი იქნებოდა მაჟორიტარული ოლქების გამსხვილება ისე, რომ ოპოზიციიდან ერთი კანდიდატი ყოფილიყო. სამწუხაროდ, ეს შედეგი არ დადგა. ამ შედეგის შემთხვევაში, პირველივე ტურში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება იქნებოდა გარდაუვალი. მაგრამ, რა ვითარებაც გვაქვს, იმის მიხედვით ვაწყობთ ჩვენს საარჩევნო სტრატეგიას. ვაგრძელებთ მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას და უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე ოლქში დავასახელებთ,"-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.