"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კახა ოქრიაშვილთან მოლაპარაკებებს ადასტურებენ. თინა ბოკუჩავას თქმით, მოლაპარაკებები მიდის სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ჯგუფებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისგან განხიბლულებთანაც.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ კახა ოქრიაშვილი იყო პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ადამიანის ამჟამინდელი პოზიცია, თუ რამდენად ჯანსაღად აღიქვამს მიმდინარე მოვლენებს და არჩევნებს:
"ერთი რაც შემიძლია დაგიდასტუროთ არის, რომ მოლაპარაკებები გვაქვს ძალიან სხვადასხვა ტიპის, მათ შორის ისეთ ჯგუფებთან, რომლებიც ოცნებისგან და ბიძინა ივანიშვილისგან განხიბლულებად შეგვიძლია დავასახელოთ. შეიძლება ძალიან განსხვავებული პოზიციები გვქონოდა ამა, თუ იმ პოლიტიკოსს ბოლო 8 წლის განმავლობაში, მაგრამ ახლა უმთავრესია ეს გააზრება, რომ ქვეყნისთვის საზიანოა ივანიშვილის მმართველობა და ცვლილებების დროა.
საარჩევნო ცვლილებების ჩაგდების მთავარი ორგანიზატორი, რა თქმა უნდა, იყო ბიძინა ივანიშვილი, მან თუ ბოროტად გამოიყენა ან არ გამოიყენა ვიღაც და ის ადამიანი ახლა რა პოზიციაზეა და რამდენად ჯანსაღად აღიქვამს ამ მოვლენას და არჩევნებს, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.