კლანური კავშირების გამო ხშირად საყვედურობდნენ კახა ოქრიაშვილს, დეპუტატს, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო და სხვა ე.წ. ამბოხებულ დეპუტატებთან ერთად, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რადიკალურად შეცვალა. თუმცა, ის ვინც ცოტა ხნის წინ მისი მისამართით ღია ბრალდებებს აჟღერებდა დღეს ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად ყველაფრისთვის მზადაა და ოქრიაშვილის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებას გეგმავს. სააკაშვილის გუნდთან კონსულტაციებს მართავს ცეზარ ჩოჩელიც.
არ არის გამორიცხული კახა ოქრიაშვილი მის პოლიტიკურ პარტნიორთან ცეზარ ჩოჩელთან ერთად კოალიციასთან "ძალა ერთობაშიას" ბლოკში გაერთიანდეს. კონსულტაციების დასრულების შემდეგ, შესაძლოა, დმანისის მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ოქტომბრის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იბრძოლოს ან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ამ ოლქში მას კონკურენტი არ დაუპირისპიროს.
"კურიერის" ინფორმაციით, კახა ოქრიაშვილი მხოლოდ მაჟორიტარულ ფლანგზე ბრძოლას არ აპირებს და ის შესაძლოა, კოალიციის საპარლამენტო სიაშიც მოხვდეს. "ნაციონალურ მოძრაობასთან" მოლაპარაკებები, რომ აქვს, "კურიერთან" ინტერვიუში დღეს არც ცეზარ ჩოჩელს დაუმალავს.
კახა ოქრიაშვილი პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატია. ის ორჯერ პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით შევიდა. მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში კი სავარძელს უკვე "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრის სტატუსით იკავებდა. დმანისი-წალკის მოქმედმა მაჟორიტარმა ცოტა ხნის წინ პარტიაც დააფუძნა, რომლის ყრილობაც უახლოეს დღეებში იგეგმება. სწორედ ამ შეხვედრაზე ეტყვის კახა ოქრიაშვილი საკუთარ ამომრჩეველს უფრო მეტს საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით.