17 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
"ეს პიროვნება მოხეტიალე ბოშასავით იცვლის ქვეყნებს"- მიხეილ სააკაშვილის განცხადებები უკრაინულ თოქ-შოუში განიხილეს

უკრაინულ მედიაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და 2 ქვეყანას შორის ურთიერთობები განხილვის ერთ-ერთი თემა იყო. პოლიტიკურ თოქ-შოუში შეფასებებს პოლიტოლოგები და ექსპერტები აკეთებდნენ.

მათი ნაწილი აცხადებს, რომ დროა უკრაინის ხელისუფლებამ რეაგირება მოახდინოს ქვეყნის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებებზე.

როგორც პოლიტოლოგი ანდრეი ერმოლაევი აღნიშნავს, უკრაინის ხელისუფლებამ თვალი არ უნდა დახუჭოს სააკაშვილის ქმედებებზე, მხოლოდ იმის გამო, რომ რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი დასავლელ ლიდერებთან მეგობრობს.

"პირადად სააკაშვილის ფიგურა მე საერთოდ არ მაინტერესებს, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების მოქმედებები, იმ ადამიანის განცხადებებზე, რომელიც მოქალაქეობას ისე იცვლის როგორც ხელთათმანებს. სააკაშვილი ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, თუმცა, მოამზადა საარჩევნო კლიპი საქართველოში გასამართი არჩევნებისთვის და აცხადებს, რომ აპირებს დაბრუნდეს იქ. ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლებამ მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხებს. ფაქტია, რომ ეს პიროვნება მოხეტიალე ბოშასავით იცვლის ქვეყნებს,"-განაცხადა მან.

პოლიტიკის ექსპერტ ვასილ ვაკაროვისთვის სააკაშვილის განცხადებები სასაცილოა.
"სააკაშვილის განცხადებები უკვე სასაცილოა. ძალიან მაინტერესებს, როგორ უნდა გახდეს იმ ქვეყნის პრემიერ მინისტრი, სადაც ჩასვლის შემთხვევაში მას დაუყოვნებლივ დააპატიმრებენ. აქამდე უკრაინაში შეეცადა შეექმნა პარტია, მონაწილეობა მიეღო უკრაინის არჩევნებში, თუმცა, არ გამოუვიდა, ისევე, როგორც არ გამოუვიდა უკრაინის პრემიერ მინისტრობაც. ვფიქრობ, ეს მხოლოდ განცხადებებია და სხვა არაფერი, ორი კურდღლის მადევარი და ხელმოცარული ავანტიურისტია, მიუხედავად ამისა, სააკაშვილს ჯერ კიდევ აქვს დასავლელი ლიდერების მხარდაჭერა, თუმცა ფაქტია, რომ ეს მისი ამბიციებისთვის საკმარისი არაა,"-განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც შეცდომების გამო ბოდიშს იხდის და საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. 

დღის ამბები