17 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო 2 თვის ათვლა ოფიციალურად დაიწყება - სერგი კაპანაძე

მას შემდეგ, რაც დღეს პრეზიდენტი არჩევნების თარიღს ოფიციალურად დაასახელებს, საარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად დაიწყება. პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის დასახელება ფორმალური ხასიათისაა, რადგან კონსტიტუციაში უკვე წერია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. 

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, დაწყებულია და არჩევნების თარიღის დასახელება მხოლოდ ტექნიკური საკითხია. 

"ამ თარიღის გამოცხადებით "ევროპული საქართველოსთვის" არაფერი იცვლება, ჩვენი კამპანია უკვე დიდი ხანია მიდის. ცვლილებები რომ საჭიროა, ყველას კარგად ესმის. თვითონ ამ თარიღის გამოცხადება, უბრალოდ, ოფიციალურად ხსნის საარჩევნო კამპანიას, შესაძლებლობა იქნება რეკლამების განთავსების და ა.შ. რაც რეალურად, მხოლოდ ტექნიკური საკითხია. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ თარიღის გამოცხადების შემდეგ უკვე ოფიციალურად დაიწყება ათვლა "ქართული ოცნების" ბოლო 2 თვის ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ოცნება" აუცილებლად დამარცხდება,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, წინასაარჩევნო გარემო იყოს ისეთი, როგორსაც საერთაშორისო პარტნიორები მოითხოვენ. 

"დღეს არის ბოლო ვადა, რომელიც პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს. ერთადერთი, რაც მინდა საზოგადოებას და, პირველ რიგში, ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ისეთი, როგორსაც ამას ითხოვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეები. იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება მოსყიდვა, კანონის გამოყენება, როგორც რეპრესიული ინსტიტუტის და ა.შ. ამ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან ცუდი დასასრული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის, რომელიც ისედაც დასრულდება,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების ბოლო დღემდე გადაწევის მიზანი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო. 

"პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, ნოტარიუსის ფუნქცია იკისრა არჩევნების თარიღის გამოცხადებაში, რადგან ეს განსაზღვრულია კონსტიტუციით. ბოლო დღემდე ამ თარიღის გამოცხადების მიზანი ნათელია - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომე ხელისუფლება მაქსიმალურად ეცადოს ამ არჩევნებში სასურველი შედეგი დადოს. თუმცა, ადმინისტრაციული რესურსი ამისთვის საკმარისი არ არის და ჩვენ გვჯერა, რომ 31 ოქტომბერს დავასრულებთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას,"-განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ლელომ" უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია, უმეტეს ოლქში კანდიდატები წარადგინა და დანარჩენ რამდენიმე ოლქშიც უახლოეს პერიოდში წარადგენს. 

"ჩვენ, პრაქტიკულად, დავიწყეთ საარჩევნო კამპანია. ჩვენ წარვადგინეთ თითქმის ყველა ოლქში ჩვენი კანდიდატები, დარჩენილ რამდენიმესაც უახლოეს ხანში წარვუდგენთ საზოგადოებას. პრაქტიკულად, გასული ვართ ველზე, მიდის სერიოზული მუშაობა. იმედია, ბრძანებაც იქნება გამოცემული და ჩვენც ძალიან სერიოზული შედეგებით და შემართებით შევხვდებით ამ არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების დადების იმედით,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

დღის ამბები