17 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
საარჩევნოდ სანქციების გამკაცრება ხდება ისეთი ფაქტების პრევენციისთვის, რასაც წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. მმართველი გუნდის ინიციატივით, ამომრჩევლებზე ზეწოლა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება, შესაბამისად, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც.

მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ცვლილებები არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.

"თუ საუბარია იმაზე, რომ ახლა რომ კანონი იქნება მიღებული, იმას როდის მოჰყვება დამდგარი განაჩენი, არ ვიცი, შეაფასოს ყველამ. ჩემი შესაფასებელი არ არის, უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ პრევენციული თვალსაზრისით, არა მხოლოდ დამდგარი განაჩენი, როგორც ზოგადი და ასევე კერძო პრევენციული თვალსაზრისით, როდესაც მკაცრდება სანქცია კონკრეტული დანაშაულისათვის და ქმედებისათვის, ამ შემთხვევაში იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, როდის დადგება განაჩენი, უბრალოდ ადამიანმა რომ იცის, ეს უფრო მკაცრად ისჯება, ამ შემთხვევაში ეს მუშაობს და არა დამდგარი განაჩენი, რომელიც შევიდა კანონიერ ძალაში და ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე პრევენციულ მიზანზე გვაქვს ჩვენ მხოლოდ საუბარი," - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ.

"გამკაცრდა კანონმდებლობა, მათ შორის სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობა და ამ შემთხვევაში უფრო მკაცრად დასჯადია ყველა ის აქტი, რომელიც ითვალისწინებს ხმის ფარულობის დარღვევას, მათ შორის იყო შემთხვევები არჩევნების დროს, როდესაც ამომრჩეველს აიძულებდნენ ეჩვენებინათ გახსნილი ბიულეტენი, ეს არის ხმის ფარულობის წესის დარღვევა. დაშინება, მუქარა, ეს წესები გამკაცრდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ისეთი ფაქტების პრევენცია, რასაც ჰქონდა წლების მანძილზე ადგილი საქართველოში 90-იანი წლებიდან მოყოლებული," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები