17 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
მორიგი დემაგოგიური და პროპაგანდისტული კანონპროექტი, რომელიც არაფერს ცვლის - ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

მმართველი გუნდის ინიციატივით ამომრჩევლებზე ზეწოლა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება, შესაბამისად ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც.

ოპოზიცია დოკუმენტს მხარს არ უჭერს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მთავარი საკითხი კანონის აღსრულებაა და არა ის, თუ რა ჩაიწერება მასში.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს სკეპტიკურად უყურებს.

"ეს არის მორიგი დემაგოგიური და პროპაგანდისტული კანონპროექტი, რომელიც არაფერს ცვლის არსებითად. ფაქტობრივად ხდება დღეს არსებული ნორმების მხოლოდ გამკაცრება. გამკაცრებაში კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის აღსრულებაში. ამიტომ, თუ გვინდა გაუმჯობესებული საარჩევნო კოდექსით ჩატარდეს არჩევნები, ამისთვის უნდა შესრულდეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. 27 რეკომენდაცია იყო, დაახლოებით 7,8 თუ შესრულდა. ჩვენ წარვადგენთ ჩვენს ალტერნატიულ წინადადებებს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ინიციატივა ემსახურება მხოლოდ ერთს - ქულების დაწერის მცდელობას უცხოელი პარტნიორებისთვის.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია მოითხოვს, კომიტეტზე უმოკლეს ვადაში მოხდეს მისი ინიციატივის გატანაც და ერთად მოხდეს ორივე საკითხის განხილვა.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ არჩევნებზე ძირითადი მოძალადე ხელისუფლებაა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" ინიციატივით გამოდის, ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდეს.

დღის ამბები