"ქართული ოცნება", რომელმაც უპრეცენდენტო მოსყიდვა განახორციელა ბოლო არჩევნებში და ახლა საუბრობს მოსყიდვა დასჯადი უნდა გავხადოო, ეს არის ფარისევლობის მწვერვალი" - ამის შესახებ პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან" ოთარ კახიძემ "დღის კურიერში" განაცხადა.
"ჩვენ ბოლო ეროვნული არჩევნები გვქონდა 2018 წელს. საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების სხვადასხვა მისიები, მათ შორის ეუთო/ოდირის მისია, რომელმაც გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც არის ხაზგასმული, რომ "პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან დაკავშირებული კომპანიის მეშვეობით, 600 ათას ადამიანს ჩამოეწერა ვალი.
ეს იყო ივანიშვილის მხრიდან უპრეცენდენტო მასშტაბის მოსყიდვა და თქვენ თუ გახსენდებათ, რაიმე პროცედურა თუ დაიწყო ამომრჩევლის მასიურ მოსყიდვაზე. არავინ ისჯება და ბიძინა ივანიშვილმა 600 ათს მოქალაქეს ვალები რომ ჩამოაწერა, ესეთი მასშტაბური მოსყიდვა არ ახსოვს საქართველოს ისტორიას.
ეს არის კანონის უპატივცემულობა, როდესაც არსებულ კანონმდებლობას უხეშად არღვევენ და გვეუბნებიან, თურმე არის პრობლემა კანონმდებლობაში. ჩვენი მხარდაჭერა არცერთ ფარისევლურ ინიციატივას არ ექნება,"-განაცხადა "დღის კურიერში" ოთარ კახიძემ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.