"საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ინიციატივა პროპაგანდისტულია" - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ "დღის კურიერში" ისაუბრა.
"ეს ინიციატივა მარტივად რომ ვთქვათ, მოსახლეობის, ამომრჩევლის მანიპულაციაზე აგებული ინიციატივაა, ვინაიდან არსებითად არაფერი იცვლება. საუბარია სანქციების გამკაცრებაზე, სადაც წერია პატიმრობა ორი წლის ვადით, ზემოქმედებაზე, დაშინებაზე. ახალი ინიციატივით უწერიათ სამი წელი. ემატება ერთი ნორმა, რომელიც 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს - ეს არის პრობლემა საქართველოში?
ორი წლის ნაცვლად თუ ჩავწერთ სამ წელს, ეს ყოფილა თურმე დაჩქარებული წესით მისაღები კანონპროექტი არჩევნების წინ. ეს არის მოსატყუებელი, საერთაშორისო პარტნიორებს რაღაცას ეტყვიან, ვიდრე კანონში ჩაიხედავენ და მიხვდებიან, ეს არაფერს ნიშნავს.
საარჩევნო კოდექსში წერია, რომ იკრძალება მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვის შეზღუდვა. ეს საერთოდ ამოიღეს და დაიყვანეს კონკრეტულ მუხლამდე, როგორიც არის ძალადობა და ზემოქმედება. ძალადობის გაჩენა, თუნდაც მსგავსი დაკონკრეტება შეიძლება ითქვას, რომ არის კარგი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ აქამდე არ იყო. ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვის აკრძალვა, ძალადობასაც ნიშნავს, მოსყიდვასაც, დაშინებასაც და სხვადასხვა ფორმით ზეწოლასაც," - განაცხადა რომან გოცირიძემ.