17 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
რუსეთი ხელს შეგიწყობს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობა აღადგინო, ზოგიერთი ქართველი ყველაფერს აკეთებს, რომ არ აღდგეს - გიორგი ლომია

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ "დღის კურიერის" ეთერში იმ პროცესებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო პერიოდი ვითარდება და რომელშიც მისი პოლიტიკური ძალა აქტიურადაა ჩართული. საქმე ეხება პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო კამპანიას აჭარაში, რომელიც ანტითურქული გზავნილებით გამოირჩევა და ასევე გიორგი ლომიას და ირმა ინაშვილის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. გიორგი ლომია კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ ეს ნაბიჯები ნაკარნახევია რუსეთის მიერ და საქართველოს საარჩევნო პროცესზე რუსეთის გავლენების მაჩვენებელია.

ლომიას თქმით, თურქულ ექსპანსიაზე "პატრიოტთა ალიანსი" უკვე წლებია მიანიშნებს და ეს ახლა არ დაწყებულა. როგორც გიორგი ლომია ამბობს, ამ ექსპანსიის ხელის შეწყობა ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროიდან დაიწყო თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით და აგრძელებს მოქმედი ხელისუფლება, რომელიც მისივე თქმით, გაცილებით მეტ უფლებებს აძლევს რეგიონში თურქეთის მოქალაქეებს.

ლომიამ ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზეც ისაუბრა და ირმა ინაშვილის მსგავსად არც მან დააკონკრეტა, თუ როგორ და ვისი ხელშეწყობით მოხვდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აფხაზეთში გადასვლის მთავარ მიზეზად ისიც ხატის გადატანას ასახელებს. გიორგი ლომიას თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარების გასაღები რუსეთშია და მათი რუსეთში ვიზიტებიც ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება:

"ჩვენ რომ ხატი ჩავიტანეთ ილორის ტაძარში ამაზე ბობოქრობს მთელი ეს ბუდე, იმიტომ, რომ ამათ არ აწყობდათ და არ აწყობთ აფხაზებთან და ოსებთან ნორმალური ურთიერთობა. ჩვენ რუსეთში სწორედ იმიტომ ჩავდივართ, რომ აღვადგინოთ ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთან და ვთხოვთ რუსებს, რომ შუამავლის როლი ითამაშონ და დაკავშირება მოხდეს, როცა ვამბობთ, რომ გასაღები არის რუსეთში, ჩვენ სიტყვის სილამაზის გამო კი არ ვამბობთ, იქ დევს ეს გასაღები და რუსეთი ხელს შეგიწყობს, რომ შენ ურთიერთობა აღადგინო და აქ ზოგიერთი ქართველი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირიქით ეს ურთიერთობა არ აღდგეს. გეკითხებით ჩვენ ვართ მოღალატეები, ვისაც ურთიერთობის აღდგენა უნდა თუ ის, ვინც მუდმივად ამაში ხელს გვიშლის,"- განაცხადა გიორგი ლომიამ.

გიორგი ლომია უარყოფს რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ სკანდალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთის კარნახით და მითითებებით მოქმედებს და უცხო ქვეყნიდან იღებს დაფინანსებას, თუმცა ადასტურებს იმას, რომ მათ კონსულტაციას ერთ-ერთი რუსული კომპანია უწევს:

"მაგრამ არა ის კომპანია, რომელიც იქაა. მე არ ვიცი ზუსტად სახელი, მაგრამ ეს არაა ის კომპანია, რომელსაც ასახელებს ის "დოსიე". ვიღაცამ გამოაქვეყნა უბრალოდ პრინტერზე ამობეჭდილი ქაღალდი, არავითარი დასტური იმისა, რომ ეს პატრიოტთა ალიანსთან კავშირშია არ არსებობს. წერია, რომ 8 მილიონი უნდა გადავუხადოთ იმ კომპანიას, თუ რუსეთის აგენტები ვართ, რაღა ჩვენ, მაშინ თვითონ გადაუხადონ. იმდენი ალოგიკური რაღაცა დევს იმ "დოსიეში", თვითონ ვერ გაერკვნენ, სად რა უნდა თქვან," - განაცხადა გიორგი ლომიამ.

დღის ამბები