პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი ბოდიში არაფრად ღირს.
როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ადამიანის სიცოცხლეს ფასი დაეკარგა.
"მისი ბოდიში ჩირად არ ღირს. ბოდიშს რატომ იხდის - უნდა იმ ხალხის გულის მოგება, ვინც არ არის დაკავშირებული იმ სადისტური მმართველობის პერიოდთან და ბოდიშს იხდის ერთ რამეზე - რატომ მეტ ადამიანს არ მოუგრიხა კისერი და არ გაასწორა მიწასთან მისი ოჯახი. ალბათ, ამაზე იხდის ბოდიშს, სხვა რა დააკლო ქვეყანას. გასაგებია პირველი პერიოდის აღფრთოვანება, 2004 წლიდან დაწყებული თემები, მაგრამ უცებ გამოჩნდა, რომ ადამიანის სიცოცხლე არაფრად არ ღირს. რომელ ეკონომიკაზე ლაპარაკობენ, მოსპეს საერთოდ სოფელი, თუ ვინმეს რამე უნდა, ან ქალაქში ჩამოვიდნენ, ან ქალები საზღვარგარეთ წავიდნენ და იქ იშოვონ ფულიო. ეს ხომ მე არ მომიგონია, რეალობა იყო. ეს არის ტყუილი და თვალებში ნაცრის შეყრა,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.
"დღის კურიერის" კითხვაზე, იღებს თუ არა მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას წინასაარჩევნოდ მშვიდი გარემოს შენარჩუნებაზე, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ არეულობას ოპოზიცია ლამობს და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის დაანონსებასაც ეს მიზანი ჰქონდა.
"ფაქტია, რომ მეთერთმეტეჯერ გვპირდება, რომ ხან ზღვით, ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან ხმელეთით შემოაღწევს საქართველოში. და არ ვხუმრობ, ეს იყო თერთმეტჯერ. ნეტავ ჩამოვიდეს კიდევ საქართველოში.
რეალურად, ჩვენ რაზეც პასუხისმგებლობას ვიღებთ, ეს არის ჩვენი ამომრჩეველი, საზოგადოების უშველებელი ნაწილი, რომელსაც, რა პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყოს, უნდა წესიერ, დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრობდეს და არა იმ ნაგავში, რომელიც გარედან ვითომ დემოკრატიული იყო, შიგნიდან კი სისხლით იყო სავსე. ეს იყო სააკაშვილის პერიოდი. საზოგადოებას დიდი მადლობა უნდა ვუთხრა, ვისაც არ უნდა უჭერდეს მხარს, პრეზიდენტის არჩევნებისას დავინახე, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო გაიზარდა, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტია,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.