ქართულ პოლიტიკაში აქტიურ დაბრუნებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას არასაპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ სააკაშვილისადმი მისი პოლიტიკური ძალის დამოკიდებულება ისედაც ცნობილია, რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად "ლეიბორისტების" ოფისში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას, ბარამიძე აცხადებს, რომ იქ სააკაშვილის ჩამოსვლაზე და მასთან ერთად რაიმე საერთო გეგმებზე საუბარი არ ყოფილა:
"უკრაინაში წასულ ამ კუდრაჭისადმი ჩვენი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მთელი საქართველოსთვის ცნობილია, ის თავისივე გუნდს უქმნის უხერხულობას, იმიტომ, რომ ჩამოდის-ჩამოდის და სად ჩამოდის ხედავთ. "ლეიბორისტების" ოფისში ჩვენ მის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე არც გვქონია საუბარი და მისი ხსენებაც არ ყოფილა იქ. თანამშრომლობა-ართანამშრომლობასთან დაკავშირებით ჩვენ ვიტყვით ასე, იქ უნდა იყოს ფართო კოალიცია, არანაირ ერთ ან ორ პარტიასთან. მე არ მომისმენია ამ ყმაწვილისგან, არც მისი თანამზრახველებისგან, 9 წლის მანძილზე რომ იყვნენ, რომ ჩაიდინეს დანაშაული. თუ ჩაიდინეს და ჩადენილი აქვთ, მან უნდა აგოს პასუხი,"- აცხადებს გიგლა ბარამიძე.
"ლელო საქართველოსათვის" წევრის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, მისი პოლიტიკური ძალა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პარტნიორად არ განიხილავს:
"არ განვიხილავ მის დაბრუნებას საქართველოში, ეს არის მისი პიარსვლა. გააჩნია თანამშრომლობას, ჩვენ დღესაც ვთანამშრომლობთ გარკვეული მიმართულებებით, ეს ეხება ზოგად პოლიტიკურ თემებს, მაგრამ ჩვენ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პარტნიორად არც განვიხილავდით და არც დღეს განვიხილავთ. ძალიან კარგად იცის ამომრჩეველმა რა ღირებულება გააჩნია მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს, ჩვენ მისი სხვა გამოსვლებიც გვინახავს, რომ თითქოს მას არაფერი საბოდიშო არ სჭირს,"- აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ პარტია "სტრატეგია აღმაშენებელში":
"მთავარი არის მოსახლეობის განწყობა და ნდობა თითოეული პარტიის მიმართ და ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტიის დღის წესრიგი და სტრატეგია," - აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თეონა აქუბარდია.