17 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
მმართველ გუნდს კონკურენტად კი არა, ქვეყნის საფრთხედ განვიხილავ და დანარჩენ ოპოზიციას კონკურენტებად - გიგა ბოკერია

პარლამენტის ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" გიგა ბოკერია "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ მმართველ გუნდს კონკურენტად კი არა, ქვეყნის საფრთხედ განიხილავს, დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს კი კონკურენტებს უწოდებს.

ბოკერიას თქმით, არჩევნებში მხოლოდ მმართველი გუნდის დამარცხება საკმარისი არაა. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია არსებობდეს კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, რომელიც მისმა პარტიამ დღეს წარადგინა.

"მმართველ გუნდს კონკურენტად კი არა, ქვეყნის საფრთხედ განვიხილავ და დანარჩენ ოპოზიციას კონკურენტებად. მმართველ გუნდს, ივანიშვილს, არა კანდიდატს განვიხილავთ საფრთხედ. მეც და "ევროპულ საქართველოს" გვაქვს ერთი ფრონტი და ეს არის ივანიშვილის მშვიდობიანი ჩამოცილება ხელისუფლებიდან. მე ყველა კონკურენტს პატივს ვცემ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ "ევროპულ საქართველოს" და ჩვენს პარტნიორებს განგვასხვავებს ყველასგან ის, რომ ჩვენ არ ვიძახით, რომ უბრალოდ ეს პოლიტიკური შარი უნდა მოვიშოროთ - ივანიშვილი და მისი გარემოცვა. ეს აუცილებელი პირობაა, მაგრამ არასაკმარისი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს მოვიშოროთ და მერე, რაც იქნება, იქნება. არა, დღეს ჩვენ წარვადგინეთ ამ გარდამტეხი ცვლილებების კონკრეტული გეზი, კონკრეტული ვალდებულებები ავიღეთ.

ის სახელმწიფო მოხელეები, რომელზეც გახარია საუბრობდა და დითირამბებს უმღეროდა წულუკიანი, უნდა ანგარიშვალდებული იყვნენ არა მაგ ხალხთან და ივანიშვილთან, არამედ ადგილობრივ მოქალაქეებთან. ფოთში არის დიდი პორტი. უნდა ირჩეოდეს პოლიციის შერიფი, მოსამართლე, ძალაუფლება აქ უნდა დაბრუნდეს და ეს მოხდება ივანიშვილის ჩამოშორების შემდეგ. ჩვენ გვაქვს მწყობრი გეგმა გარდამტეხი ცვლილებების და ამ კომპასს გავყვებით," - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები