17 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
სუსს ყოველთვის გამოეპარება რუსული ჩართულობა არჩევნებში, მაგრამ ჩემს და თქვენს ტელეფონს კარგად ისმენენ - გიორგი ვაშაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში პოლიციის სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს და სატელეფონო მოსმენებით კომპრომატებს აგროვებს. 

"ხვალ ძალიან მაგარი პრეზენტაცია გვექნება პოლიციის სისტემის რეფორმაზე, რომ გადავიდეთ დასავლური ტიპის, ამერიკული მოდელის საპოლიციო სისტემაზე, რომლის ერთადერთი ამოცანაა ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არა პოლიტიკური დავალებების შესრულება. რომ "კგბ" აღარ გვქონდეს ქვეყანაში სუსის სახით, რომელსაც ყოველთვის გამოეპარება რუსული ჩართულობა არჩევნებში, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემს ტელეფონს კარგად ისმენენ, თქვენსასაც ისმენენ თუ დასჭირდათ, თქვენზეც კომპრომატებს აგროვებენ. ეს მოსმენები უნდა გადავჭრათ, რომ თავისუფლად ამოვისუნთქოთ და ტელეფონით საუბრის არ უნდა ეშინოდეს ადამიანს ოჯახის წევრთან, იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება ვინმემ გამოუქვეყნოს ეს. პირად ცხოვრებაში ჩარევაა ეს და ეს შიში არსებობს ქვეყანაში.

ჩემი შეთითხნილი ჩანაწერებიც გამოაქვეყნეს 2018 წელს, სხვების ჩანაწერები არ გამოაქვეყნეს? ხმების სინქრონიზატორის უზარმაზარი მანქანები რომ ააწყო სუსმა, სად არის სახელმწიფო უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ჩემი ხმების დამუშავებაზე მუშაობენ, რომ დაადონ ამას სხვისი ხმები, გამოაქვეყნონ და ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ. ბრალდება კი არა ფაქტია, რომელიც არავინ გამოიძია. მე პირადად, პირობას ვდებ, რომ თუ ვინმე მსგავს რამეს ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი. რადგან ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს უსამართლობა,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები