"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, მათ არჩევნების შემდეგ მთავრობის შესაქმნელად კოალიციური გაერთიანება არ დასჭირდებათ, რადგან მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად აჭარბებს 50%-ს. ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ის პოლიტიკური პარტიებიც დაასახელა, რომლებთანაც მისი თქმით, თანამშრომლობა გამორიცხულია, იმ შემთხვევაში თუ კოალიციის საჭიროება თეორიულად მაინც იქნებოდა:
"რა თქმა უნდა არა, ამაზე ცალსახა პასუხი გვაქვს, როგორც "ნაცმოძრაობასთან" და მის სატელიტ პარტიებთან, ასევე "პატრიოტთა ალიანსთან", ბურჯანაძის პარტიასთან ბუნებრივია ჩვენ გამოვრიცხავთ კოალიციას. ჩვენ არ დაგვჭირდება კოალიცია, რომ ყოფილიყო თეორიულად ამის საჭიროება, ძალიან გაჭირდებოდა ჩვენი მხრიდან კოალიციის შექმნა, მაგრამ ამის საჭიროება არ დადგება გამომდინარე იქიდან, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს ძალიან მყარი რეიტინგი, რომელიც მნიშვნელოვნად აჭარბებს 50%-ს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.