პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ საპარლამენტო არჩევნები გამჭვირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს.
"ასეთი ცვლილებები არც უნდა იყოს საჭირო დემოკრატიულ ქვეყანაში გამკაცრება ზომებისა, თუკი ადამიანების მიმართ განხორციელდა რაიმე ზეწოლა არჩევნების წინ, მაგრამ თვითონ ეს აჟიოტაჟი ამის გარშემო შექმნილი კვლავ ჩვენი ოპონენტების მიერ გვავალდებულებს რომ პასუხი გავცეთ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ხელისუფლება არამარტო განწყობილია, არამედ სრული რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ რათა არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებები ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის სრულად მისაღებია.
"აშშ-ს ელჩს, ევროკავშირის ელჩს, საერთაშორისო საზოგადოებას მოსწონს ეს ცვლილებები და პოზიტიურად აკეთებს კომენტარებს. "ნაციონალურ მოძრაობას" ეს არ მოსწონს. ქართულ საზოგადოებას მოსწონს ჩვენი მიდგომები, როგორც კორონავირუსთან ბრძოლაში, ისე ცვლილებებთან დაკავშირებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ეს არ მოსწონს. ჩვენთვის ეს გასაკვირი არ არის. მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი. მესმის, რომ მათ საზოგადოებაში უკვე აღარ გაესვლებათ და წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ პარლამენტში, ბიუროში და ასე შემდგომ. თუმცა დარჩა სულ ორი თვე და ჩვენ კარგად ვნახავთ, როგორი იქნება პასუხი საზოგადოების," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს იმ კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭებას ითვალისწინებს. "ქართული ოცნების" ინიციატივაზე საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით მსჯელობს და სამივე მოსმენით დამტკიცება მიმდინარე კვირაშივე იგეგმება. ინიციატივას ეწინააღმდეგება ოპოზიცია, რომელიც მმართველი პარტიის კანონპროექტს ალტერნატიულ წინადადებას უპირისპირებს.