ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარების წარდგენას აგრძელებენ. ვინ იბრძოლებს რეგიონების 22 ოლქში "ნაციონალური მოძრაობიდან" - ოფიციალურ წარდგენამდე ინფორმაცია რამდენიმე კანდიდატზე წინასწარ ვრცელდება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, დიდი მოლოდინი არსებობს მთავარი ოპოზიციური ძალის, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, ამიტომ ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, პარტია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სრულ სიას უახლოეს პერიოდში წარადგენს .
თინა ბოკუჩავა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია განიხილება.
"კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ჩვენს პრეზენტაციამდე ვერ ვისაუბრებ,"- განუცხადა მან ჟურნალისტებს.
"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, მისმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეგიონებში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები ყოფილიყო.
"ეს არ გამოვიდა. რატომ არ გამოვიდა, ყველამ კარგად იცის. ჩვენ არ ვაპირებთ განვაგრძოთ წარსულის ქექვა,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ "ევროპული საქართველოს" კანდიდატები რეგიონების ყველა ოლქში იბრძოლებენ და ისინი მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტები არიან.