17 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
კომპანია "ელ გრინთან" უჩა მამაცაშვილის კავშირს ნათია თურნავა სიცრუეს უწოდებს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ბრალდებას - თითქოს კომპანია "ელ გრინის" უკან უჩა მამაცაშვილის ინტერესები იკვეთება - ტყუილი უწოდა.

ვრცელი განმარტება ამ თემაზე ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა. დამოუკიდებელი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შესყიდვაში სისტემური კორუფციის ნიშნებს ხედავენ და ამტკიცებდნენ, რომ კომპანიის უკან უჩა მამაცაშვილის ინტერესები დგას.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ელექტროენერგიის იმპორტთან მამაცაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს და ბრალდება საფუძველს მოკლებულია. 

"ის ადამიანები, ვინც პარლამენტში ან პოლიტიკაში მოსულები არიან "ქართული ოცნების" მაღალი რეიტინგის წყალობით, დღეს პოლიტიკაში პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამენ იმით, რომ ტალახს ესვრიან "ქართულ ოცნებას" და ტყუილს კადრულობენ. ჩვენ ენერგეტიკულად უფრო მეტად დამოუკიდებლები ვართ, რადგან არჩევანი გვაქვს სხვადასხვა ქვეყანას შორის, მათ შორის, აზერბაიჯანიდან იმპორტი ძალიან დიდ როლს ასრულებს, როგორც რუსეთიდან იმპორტის ალტერნატივა. რაც შეეხება ამასთან ერთ კონტექსტში უჩა მამაცაშვილის დასახელებას, საფუძველი არ გააჩნია. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ პიროვნებას, რომელიც მის სახელსა და გვარს აჟღერებს, მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს, ის, რომ პოლიტიკური დივიდენტები შეიძინოს. არ არსებობს არანაირი დოკუმენტური იმისა, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი რაიმე კავშირში არის ენერგეტიკულ საკითხებთან," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ

ბოლო პერიოდში კომპანიის მიმართ არსებულ კრიტიკას ასევე განცხადებით უპასუხა თავად "ელ გრინმა", როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი - "კომპანიის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანია, ნებსით თუ უნებლიედ, ემსახურება ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე რუსეთის მონოპოლიური როლის აღდგენის მიზანს".

დღის ამბები