დაახლოებით ერთი საათია კოალიცია "ძალა ერთობაშია" კონსულტაციებს მართავს და საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბების საკითხზე მსჯელობს. "კურიერის" ინფორმაციით, საბოლოოდ, გაერთიანებაში ხუთ პარტიას ვიხილავთ.
ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ამ პლატფორმას კახა ოქრიაშვილის პარტია შეუერთდა.
"დღეს ჩვენ გვექნება კრება, სადაც განვიხილავთ შემოერთების საკითხს. მინდა დავადასტურო, რომ "ძალა ერთობაშია" გავა საარჩევნო ბლოკად არჩევნებში, რომლის წევრიც იქნება ახლად შემოერთებული პარტია. ჩვენ, შეთანხმებას მემორანდუმთან დაკავშირებით მივაღწიეთ 2018 წელს, სადაც საუბარი იყო პარტიების შემოერთებაზე, პირველი პარტია კი დღეს ვიხილეთ. არ არის გამორიცხული კიდევ ერთი პარტია შემოგვიერთდეს, ვგულისხმობ "რესპუბლიკურ" პარტიას. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ "ევროპელ დემოკრატები", რომელსაც მე ვხელმძღვანელობ იქნება "ძალა ერთობაშიას" საარჩევნო ბლოკის დამფუძნებელი," - აცხადებს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.
პოლიტიკური მოძრაობის ”სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძის განცხადებით, "ძალა ერთობაშიაში" ახალი პარტიის შემოსვლის საკითხი სავარაუდოდ, დღეს დადგება.
"ძალა ერთობაშიაში" შემოსვლის საკითხი სავარაუდოდ დღეს დადგება. საკითხზე მოხდება ჯენჭისყრა და განხილვაც. მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის", როგორც "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი სუბიექტი, საარჩევნო ბლოკის წევრი იქნება, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური პარტიები ამ ერთობიდან," - აღნიშნავს პოლიტიკური მოძრაობის ”სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე.