პატრიოტთა ალიანსის დე ფაქტო ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში და პროვოკაციული ბანერები აჭარაში კვლავ განხილვის თემაა არამხოლოდ საქართველოში. ანტი-თურქულ კამპანიას ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერიც გამოეხმაურა და პარტიას ფინანსური გამჭვირვალობისკენ მოუწოდა. პარალელურად, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმაც გაავრცელა განცხადება, სადაც ასლან ბჟანია აღნიშნავს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" მზად არის აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.
ირმა ინაშვილი ბოლო დროს მის პოლიტიკური ძალის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს წინასაარჩევნო პროვოკაციებს უკავშირებს და აცხადებს, რომ საკუთარი გეგმების გადახედვას არ აპირებს.
"მინდა მკაფიოდ გითხრათ, ეს რომ ასე ყოფილიყო, თქვენ როგორ ფიქრობთ, აფხაზეთში მე არ დამხვდებოდნენ აფხაზი ჟურნალისტები და ჩემგან სიხარულით არ აპირებდნენ კომენტარს? მე არ მინდა საუბარი იმ დახურულ შეხვედრაზე, იმ დახურული შეხვედრის დეტალებზე, ძალიან მკაფიოდ ჩანს რომ ვრცელდება ინტერპრეტირებული დეზინფორმაცია, იმიტომ რომ აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშვილები, რომლებსაც შერიგება არ უნდათ და თბილისშიც არიან და მათ შორის კავშირსაც მე პირადად მკაფიოდ ვხედავ," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
იგივე შინაარსის კომენტარს აკეთებს პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი გიორგი ლომიაც:
"აქაური ბოკერიები ხომ არიან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ პროცესს, რომელსაც ჰქვია ურთიერთობის დალაგება, იქაც არიან თავისებური ბოკერიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან, რუსეთშიც არიან, უნდა გვესმოდეს ეს არის ხანგრძლივი, რთული და შრომატევადი პრიოცესი და როგორც რუსეთში ჰყავს მომხრე და მოწინააღმდეგე, ასევე საქართველოში და აფხაზეთშიც," - აცხადებს გიორგი ლომია.