ოპოზიციაში არ უკვირთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ "პატრიოტთა ალიანსი" მზადაა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. მათი თქმით, აღარაა დამალული, რომ "პატრიოტთა ალიანსი" რუსული ინტერესების გამტარებელია.
"ეს არის უკვე ერთი კონკრეტული ზიანი, რაც მივიღეთ პატრიოტთა ალიანსის მოქმედებებით, სრულიად "არაგამჭვირვალე და დიდი ალბათობით, უკანონო ვიზიტით აფხაზეთში," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ პარტიას, რომელიც კრემლის წარმომადგენლობაა საქართველოში სასჯელს ქართველი ხალხი არჩევნებზე გამოუტანს:
"ეს ორგანიზაცია არის პირდაპირ კრემლის წარმომადგენლობა საქართველოში და სასჯელს გამოუტანს ქართველი ხალხი არჩევნებზე 1%-ის სიახლოვეს იტრიალებენ და ერთი კინკილა დეპუტატიც თუ ეყოლებათ ესეც იქნება რუსეთისათვის დიდი გამარჯვება,"- აღნიშნა რომან გოცირიძემ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პატრიოტთა ალიანსს არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს:
"მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა საკითხზე პატრიოტთა ალიანსი ცდილობდა თავი აერიდებინა პასუხების გაცემისთვის. ამაზე აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა. იმიტომ რომ მე ვთვლი ყველა ადამიანმა საქართველოში უნდა იცოდეს არის თუ არა ქვეყანაში პარტია, რომელიც მზად არის რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო აღიაროს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"ლეიბორისტების" ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოსი ექსტრემისტული და რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პოლიტიკური ძალების არსებობა, ასლან ბჟანიას განცხადების გარეშეც ცნობილი იყო
"ასლან ბჟანიას გარეშეც ცნობილი იყო, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პარტიები თუ ექსტრემისტული ორგანიზაციები, ფაქტიურად რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებიც მზად არიან საქართველო ტორტის ნაჭერივით დაჭრან, გახლიჩონ და გასცენ," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.